Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო გამოძიება: სეპარატისტების საბრძოლო საქმიანობას უკრაინაში ხელმძღვანელობდა გენერალი ბურლაკა


ანდრეი ბურლაკა
ანდრეი ბურლაკა

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის (ФСБ) სასაზღვრო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი, ალექსანდრ ბურლაკა ხელმძღვანელობდა სეპარატისტებისა და რუსი სამხედროების მოქმედებას აღმოსავლეთ უკრაინაში. ასეთი ვარაუდი გამოთქმულია „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახურის, საგამოძებო ჯგუფ Bellingcat-ისა და რუსული გამოცემა The Insider-ის ერთობლივ გამოძიებაში.

მათი ყურადღება მიიპყრო იმ გარემოებამ, რომ დონბასში 2014 წლის ივლისში ჩამოგდებულ სამგზავრო თვითმფრინავ „ბოინგის“ საქმის გამოძიების მასალებში თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენლები, ერთმანეთთან საუბრის დროს, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე რუსი სამხედროების მთელი საქმიანობის მეთაურად ვინმე ვლადიმირ ივანოვიჩს ახსენებდნენ.

სწორედ მას სთხოვდნენ იარაღსა და სამხედრო დახმარებას. სეპარატისტების ძალების ყოფილი სარდალი, იგორ სტრელკოვიც, ახსენებს, რომ ემორჩილებოდა მის ბრძანებებს. ჟურნალისტებმა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ ამ ფსევდონიმის ქვეშ, დიდი ალბათობით, სწორედ ბურლაკა იმალებოდა.

სახელმწიფო მონაცემთა ბაზის საშუალებით, „ბი-ბი-სის“ ჟურნალისტებმა შეისწავლეს ბურლაკას გადაადგილება და აღმოაჩინეს, რომ რუსი გენერალი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი უკრაინის ტერიტორიიდან ხშირად დაფრინავდა რუსეთის საზღვართან და ამ ფრენების დრო ემთხვევა იმ ინფორმაციას, რომელიც სეპარატისტების მოხელთებული საუბრის გაშიფვრით იქნა მოპოვებული.

„ბოინგ 777“-ის რეისი MH17, რომელიც 2014 წლის 17 ივლისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურისკენ მიფრინავდა, პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი დონბასის თავზე რუსული წარმოების „ბუკის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარიდან გაშვებული რაკეტით იქნა ჩამოგდებული. აფეთქების შედეგად დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი - 298 კაცი.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფს (JIT) მოეპოვება მოწმეების ჩვენება, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მომენტში ხსენებულ საზენიტო-სარაკეტო დანადგართან იმყოფებოდნენ რუსეთის სპეცსამსახურების - სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) - წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG