Accessibility links

საქართველოს მარაგი 40 000 "ოქროს ტესტით" შეივსო


ჩინეთიდან საქართველოში ჩამოიტანეს 52 ტონა ტვირთი, მათ შორის COVID-19-ის გამოსავლენად საჭირო 40 ათასი PCR, ანუ ე.წ. ოქროს სტანდარტის ტესტი, ანტისხეულების 20 ათასი ტესტი და კორონავირუსისგან სამედიცინო პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.

პეკინი-თბილისის ჩარტერული რეისი ავიაკომპანია „ჯეო სქაი”-მ შეასრულა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტვირთს დახვდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. დაფრინდა ბოინგი, ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოში ჩამოიტანა 52 ტონა ტვირთი და ამ ტვირთში ყველაზე დიდ ნაწილს მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს 40 ათასი PCR ტესტი და 40 ათასი ექსტრაქტი, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ველოდებით და რაც იწვევს საზოგადოების მღელვარებას. დღეიდან ეს თემაც დარეგულირებული იქნება და მეტი კითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით არ იქნება”, - უთხრა მედიას ტიკარაძემ. მისი ინფორმაციით, ანტისხეულების 20 ათასი ტესტი ჩინეთის საჩუქარია. PCR ტესტები კი საქართველომ შეიძინა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გაწერილი ალგორითმის თანახმად, ამ ეტაპზე ტესტები ხმარდება მიზნობრივ ჯგუფებს - სიმპტომიან პაციენტებს, კარანტინში მყოფებს და ინფიცირებულებთან კონტაქტის მქონე პირებს. ტიკარაძის ინფორმაციით, ამ კვირიდან ტესტირება გაფართოვდება მაღალი რისკის მოწყვლად ჯგუფებზე და განისაზღვრება მომდევნო პრიორიტეტი.

ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს მიმართა, ქვეყანაში დადებითი ეპიდემიოლოგიური ვითარების შესანარჩუნებლად, ყველა რეკომენდაცია მკაცრად დაიცვან: „თუ ჩვენ ყოველივე ამას დავიცავთ და ვმართავთ ინფექციის გავრცელებას, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოში პიკი არ დაფიქსირდეს. სხვა შემთხვევაში რისკები არსებობს“.

29 აპრილის 8:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 511 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 168 უკვე გამოჯანმრთელდა. 6 გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი გარდაცვალება 4 აპრილს დაფიქსირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG