Accessibility links

ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული დედა-შვილი მოათავსეს


აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში covid-19-ის დადასტურებული შემთხვევით 59 პაციენტი მკურნალობს, მათგან 4 ახალი პაციენტი კლინიკაში გუშინ, 28 აპრილს შეიყვანეს. როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, 4 ახალი პაციენტიდან 2 თეთრი წყაროდანაა, 2 კი თბილისის ცნობილ ერთ-ერთ ცნობილ კლასტერს განეკუთვნება. ისინი დედა-შვილია.

„დედა მკურნალობდა და ბავშვს რომ დაუდასტურდა შემოვიდა ჩვენს კლინიკაში და მოხდა დედა-შვილის ერთად მოთავსება უკვე ჩვენს კლინიკაში“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მისი განმარტებით, ამ დროისათვის კლინიკაში სულ 10 არასრულწლოვანი მკურნალობს. მთლიანობაში კი კოვიდ-19-ით ინფიცირებული 59 პაციენტიდან 1-ის მდგომარეობაა მძიმე, 11 კი საყურადღებოდ მიიჩნევა.

საქართველოში გასული ღამის შემდეგ, 511-დან 517-მდე გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი.

საერთო ჯამში, დადასტურებული 517 შემთხვევიდან 168 პაციენტი უკვე განიკურნა. 6 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG