Accessibility links

ეზუგბაია: გამოჯანმრთელებულების რაოდენობა დადასტურებულებზე 2-ჯერ მეტია


მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ძალიან სასიამოვნოა, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით ინფიცირებულთა შორის გამოჯანმრთელებულების რაოდენობა დადასტურებულების რაოდენობაზე მეტი იყო, თან დიდი სხვაობით.

„გუშინ ამ დროისათვის ჩვენ გვქონდა 511 დადასტურებული შემთხვევა. დაგვემატა სულ 6 ახალი შემთხვევა და არის 517 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულები ქვეყნის მასშტაბით დაგვემატა 12 და არის 168.

პირველადაა, როდესაც გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია. და ჩემი სურვილი იქნება, ასე გაგრძელდეს“, - უთხრა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს. მისი თქმით, ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით კოვიდცენტრებში 349 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას თანახმად, კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 42 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 11 არასრულწლოვანია. ინფიცირებულ პაციენტებს შორის 3-ს მძიმე პნევმონია აქვს და ინტენსიურ თერაპიას გადის. ამ ეტაპზე კლინიკაში კრიტიკული პაციენტი არ ჰყავთ.

საქართველოში გასული ღამის შემდეგ, 511-დან 517-მდე გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი.

საერთო ჯამში, დადასტურებული 517 შემთხვევიდან 168 პაციენტი უკვე განიკურნა. 6 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG