Accessibility links

AI: ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა პანდემიას განიხილავს ადამიანის უფლებების ხელყოფის კარტ-ბლანშად


აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების მთავრობები COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებენ რეპრესიული და ძალადობრივი ზომებით, რომლებიც არ შეესაბამება ადამიანის უფლებების სფეროში მათ ვალდებულებებს. ამის შესახებ საუბარია უფლებადამცველი ორგანიზაციის, Amnesty International-ის მიერ დღეს, 29 აპრილს გამოქვეყნებულ მოხსენებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება პანდემიას განიხილავს ადამიანის უფლებების ხელყოფის კარტ-ბლანშად.

Amnesty International-ის მკვლევრებს მაგალითებად მოჰყავთ ყაზახეთში მრავალბინიანი სახლების შესასვლელების ჩაკეტვა, ჩეჩნეთში პოლიციელების მიერ პირბადეების გარეშე მყოფი ადამიანების ცემა, რუსეთში ადმინისტრაციული ზემოქმედების მეთოდების გამოყენება იმ ექიმების მიმართ, რომლებიც მედიკამენტების და სხვა საშუალებების ნაკლებობას უჩივიან, უკრაინის არმიის მხრიდან სეპარატისტების მიერ კონტროლირებული სოფლის ერთადერთი გზის ჩაკეტვა და 150 ადამიანისთვის საკვების შეძენის და სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობის მოსპობა და ა.შ.

Amnesty International-ის შეფასებით, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ბევრ ქვეყანაში ხელისუფლება მის მიმართ კრიტიკის ჩასახშობად რეპრესიებს მიმართავს და პასუხისმგებლობას აკისრებს სოციალური ქსელების მომხმარებლებს, ჟურნალისტებსა და სამედიცინო პერსონალს. უფლებადამცველი ორგანიზცია მიიჩნევს, რომ არასწორი ინფორმაციის აღკვეთის საბაბით გამოყენებული ზომებით არაერთი მთავრობა სარგებლობს, რათა დამალოს ეპიდემიის რეალური მასშტაბი და ხელი შეუშალოს პრობლემების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

მოხსენების იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ეხება, საუბარია 21 მარტიდან მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ აკრძალვებსა და შეზღუდვებზე და მათი დისკრიმინაციულად გამოყენების ეჭვებზე.

Amnesty International-ი აღნიშნავს, რომ ექიმების რეკომენდაციების მიუხედავად, რელიგიური შეკრებები არ შეიზღუდა დიდწილად იმიტომ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჰქონოდა მრევლის მონაწილეობით სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების შესაძლებლობა. სხვა კონფესიებმა ამაზე ნებაყოფლობით თქვეს უარი. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შეიხ მირტაგ ასადოვის დაბარების ფაქტიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG