Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაციის მაღალი დონე რამდენიმე თვის განმავლობაში შენარჩუნდება


საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ დონეს 2021 წლის პირველ ნახევარში დაუახლოვდება, - ამის შესახებ დღეს, 29 აპრილს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

ფეისბუკლაივის დროს გვენეტაძემ თქვა, რომ კორონავრუსის პანდემიის და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე, მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური გაურკვევლობა კვლავ გრძელდება.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, დროებითი ფაქტორების გამო, ინფლაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნდება და შემდეგ ეტაპობრივად დაიწყებს შემცირებას.

მარტში წლიური ინფლაცია 6,1% იყო, რაც ორჯერ მეტია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე.

„ინფლაციის დინამიკას, როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების მხარეს არსებული ფაქტორების ურთიერთქმედება განსაზღვრავს. ერთობლივი მოთხოვნის შემცირება ინფლაციის მაჩვენებელზე გარკვეული პერიოდის შემდეგ აისახება, მაშინ, როდესაც მიწოდების ფაქტორები ინფლაციაზე უკვე და უფრო სწრაფად ახდენს გავლენას“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, პანდემიის ფონზე ლოგისტიკური შეზღუდვებით გამოწვეული მიწოდების ფაქტორები მიმდინარე თვეებში ინფლაციის შემცირებას დააყოვნებს, თუმცა, საგარეო და შიდა მოთხოვნის მკვეთრი კლება წლის განმავლობაში ინფლაციაზე დაღმავალ ზეწოლას შექმნის.

კობა გვენეტაძის თქმით, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული რჩება, რაც საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას უზრუნველყოფს. მონეტარული პოლიტიკის კომტეტი გამკაცრებული პოლიტიკიდან გამოსვლას ეტაპობრივად განახორციელებს და შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება ინფლაციის მოლოდინი.

გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი ვითარებას მუდმივად აკვირდება, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდაზე შოკის გავლენის აღმოფხვრას ხელს შეუწყობს საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან მნიშვნელოვანი მოცულობით მოსალოდნელი დახმარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG