Accessibility links

ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებას 350 მლნ ლარი მოხმარდება


ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებასა და განვითარებას 350 მილიონი ლარი მოხმარდება, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა COVID-19-ის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციაზე.

"ჯანმრთელობის დაცვას და ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებასა და განვითარებას მოხმარდება 350 მილიონი ლარი, რაც არის უპრეცედენტო თანხა, ეს მნიშვნელოვნად კარგ ეფექტს იქონიებს ჩვენი სისტემის განვითარებაზე. ხოლო სოციალური დახმარებებისთვის და მიზნობრივი პაკეტებისთვის გამოყოფილი გვაქვს მილიარდ ლარზე მეტი და იმედი გვაქვს, ყოველივე ამით მინიმალურად მაინც შევძლებთ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

პრეზენტაცია მთავრობის მიერ 24 აპრილს წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას ემყარება, რომლის თანახმად საზოგადოების გარკვეული ჯგუფების კომპენსირებისა და სოციალური დახმარების მოცულობა განისაზღვრა.

გეგმის თანახმად:

  • 6 თვის განმავლობაში 1200 ლარს (თვეში 200 ლარს) მიიღებენ პირები, რომლებმაც კრიზისის შედეგად სამსახური დაკარგეს ანდა დამსაქმებელმა უხელფასო შვებულებაში გაუშვა.
  • 6 თვის განმავლობაში საშუალოდ 600 ლარს მიიღებენ სოციალურად დაუცველებთა ჯგუფები
  • თვითდასაქმებულებს სახელმწიფო ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება.
  • კომპენსაციას ვერ მიიღებენ არაფორმალურად კერძო პირებთან დასაქმებულები.

კომპენსაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 75 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული, რომელიც დაახლოებით 250 000 ადამიანზე გადანაწილდება. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, თვითდასაქმებულების საერთო რიცხვი 800 ათასს აღემატება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG