Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტები რუსეთის სპეცსამსახურების მაღალი რანგის გენერალს უკავშირებენ 2014 წელს MH17-ის ჩამოგდებას


ანდრეი ბურლაკა
ანდრეი ბურლაკა

ექსპერტები რუსეთის სპეცსამსახურების მაღალი რანგის გენერალს უკავშირებენ 2014 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინაში „მალაიზიის ავიახაზების“ რეის MH17-ის თვითმფრინავის ჩამოგდებას.

საერთაშორისო ორგანიზაცია Bellingcat-ისა და რუსული საიტის, The Insider-ის 28 აპრილს გამოქვეყნებულ ერთობლივ ანგარიშში ნათქვამია, რომ სატელეფონო საუბრებში, რომლებიც მოიპოვეს საგამოძიებო ორგანიზაციებმა, ჩანს, რომ ერთ-ერთი პირი, რომელთანაც ჰქონდათ კონტაქტი აღმოსავლეთუკრაინელ სეპარატისტებს, იყო უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის, ფსბ-ს გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი ბურლაკა.

მანამდე ნიდერლანდელი გამომძიებლების მიერ ჩატარებული სამუშაოს თანახმად, თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის სამ მოქალაქეს და ერთ უკრაინელს, რომელთა მიმართაც ნიდერლანდის სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა გასულ თვეში. ვარაუდობენ, რომ ოთხივე რუსეთში იმყოფება.

MH17-ის კატასტროფისას თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა. მათი უმრავლესობა ნიდერლანდის მოქალაქე იყო.

თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა რუსული წარმოების „ბუკის“ ტიპის რაკეტით, რომელიც, ნიდერლანდის ხელისუფლების აზრით, ჩუმად შეიტანეს რუსეთიდან აღმოსავლეთ უკრაინაში.

ნიდერლანდელ გამომძიებელთა მიერ გამოქვეყნებული მასალები შეიცავდა ასევე სატელეფონო ჩანაწერებს, რომლებშიც ახსენებენ „ვლადიმირ ივანოვიჩს“.

როგორც Bellingcat-ი და The Insider-ი ამტკიცებენ, საქმე ეხება გენერალ ბურლაკას, რომელიც, მათი თქმით, ფსბ-ს სასაზღვრო სამსახურის ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG