Accessibility links

site logo site logo

ვალდის დომბროვსკისი: მაკროფინანსური დახმარების მიზანია სამეზობლოს მიმართ სოლიდარობა რთულ პერიოდში


ვალდის დომბროვსკისი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა, რომელიც ევროკომისიაში ეკონომიკისთვის არის პასუხისმგებელი, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ილაპარაკა იმ პირობებზე, რომლებითაც ევროკავშირის სამეზობლოს ქვეყნები - მათ შორის საქართველოც - შეღავათიან სესხებს მიიღებენ.

ევროკავშირის სამეზობლოს ქვეყნებისთვის 3 მილიარდი ევროს მოცულობის საფინანსო პაკეტის გამოყოფის შესახებ ევროკავშირმა გასულ კვირაში მიიღო გადაწყვეტილება. მაკროფინანსური დახმარების პაკეტი გათვალისწინებულია ალბანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს, კოსოვოს, მოლდოვის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის, უკრაინის, იოდანიისა და ტუნისისთვის.

საქართველოსთვის გათვალისწინებულია 150 მლნ ევროს მოცულობის შეღავათიანი სესხის გაცემა.

დომბროვსკისის თქმით, პაკეტის მიზანია, ამ ქვეყნებს საგარეო ვალების გასტუმრებაში დაეხმაროს კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ეკონომიკური პრობლემების პერიოდში. ამ პროგრამის მთავარი მიზანია, „ევროკავშირის სამეზობლოს მიმართ სოლიდარობა რთულ პერიოდში“, განაცხადა ევროკომისარმა.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ვალდის დომბროვსკისმა აღნიშნა, რომ სესხები ორ ტრანშად გაიცემა და, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მეორე ტრანშის მისაღებად დაწესებული პირობები ჩვეულებრივზე უფრო ნაკლებად მკაცრია.

მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული ქვეყნები სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგანაც იღებენ სესხებს, ევროკავშირის პაკეტი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც დამატებითი მაკროეკონომიკური დახმარება, რომელიც კონკურენციას არ უწევს კრედიტის სხვა წყაროებს. ამასთან, დომბროვსკისმა აღნიშნა ევროკავშირის ამ სესხის უკიდურესად მაღალი ხარისხის სანდოობა და შეღავათიანი პირობები.

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, ხომ არ შეუქმნის სამეზობლოს წევრ ქვეყნებს დამატებითი სესხი მომავალში ვალების გასტუმრების პრობლემას, ევროკომისარმა განაცხადა, რომ პანდემიის პირობებში ამ ქვეყნებს დამატებითი ხარჯები აქვთ და მაინც მოუწევთ კრედიტების მოძიება.

ქვეყნების ამ ჯგუფში, რომელიც მიიღებს შეღავათიან კრედიტს, არ შედიან სერბეთი, ბელარუსი, სომხეთი და აზერბაიჯანი, ვინაიდან, დომბროვსკისის თქმით, მათ უმრავლესობას არ მიუმართავს ევროკავშირისთვის შესაბამისი თხოვნით და სესხების მოპოვებას საფინანსო ბაზარზე აპირებს. რაც შეეხება ბელარუსს, მან გამოთქვა მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამაში მონაწილეობის სურვილი და ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბელარუსის ხელისუფლებასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG