Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმეტესობა თეთრიწყაროდანაა


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევიდან 16 თეთრიწყაროდანაა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა დღეს, 30 აპრილს განაცხადა, რომ ყველა ახალი პაცენტი უკვე ცნობილი კლასტერებიდანაა.

რეხვიაშვილის ინფორმაციით, „ლუგარის ლაბორატორიაში“ გაგზავნილი იყო სულ 170 ადამიანის საკვლევი მასალა: „თეთრიწყაროს მერიის და საკრებულოს თანამშრომლები განეკუთვნებოდნენ მაღალი რისკის ჯგუფს. არც ერთ მათგანს ინფიცირება არ დაუდასტურდა“.

ამ დროისთვის თეთრიწყაროში სულ ინფიცირებულია 38 ადამიანი. გაიზარდა მათთან კონტაქტში მყოფი პირების რიცხვიც.

„დადასტურებულია 200-ზე მეტი კონტაქტი. აქედან 100 მჭიდრო კონტაქტია, რომლებსაც მკაცრ კარანტინში მოვაქცევთ, დანარჩენი თვითიზოლაციაში იქნება“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა. მანამდე კარანტინში 40-ზე მეტი პირი გადაიყვანეს.

ქვემო ქართლში კორონავირუსი დაუდასტურდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის კიდევ ორ მცხოვრებს. ისინი სოფელ სავანეთიდან არიან. შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ეს პაციენტებიც უკვე ცნობილი კლასტერიდან არიან.

სულ, ქვემო ქართლში კორონავირუსით ინფიცირების 157 დადასტურებული შემთხვევაა. თეთრიწყარო, ბოლნისი და მარნეული მკაცრი კარანტინის ზონებადაა გამოცხადებული.

30 აპრილის 12:00 საათის მონაცემებით, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის საერთო ჯამში, 539 შემთხვევა. მათგან 178 უკვე გამოჯანმრთელდა. 6 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG