Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხის კარანტინის ზონაში მყოფ პირებს შორის კორონავირუსის მესამე შემთხვევაა


კორონავირუსი დაუდასტურდა ახალციხის კლინიკა „იმედში“ გახსნილ „ცხელების ცენტრში“ კარანტინის ზონიდან გადაყვანილ კიდევ ერთ პირს. ის ახალციხის მცხოვრები არ არის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ორკვირიანი კარანტინისთვის ჩაიყვანეს.

„ცხელების ცენტრის“ ხელმძღვანელის, გიორგი ბარძიმაძის ინფორმაციით, გუშინ, 29 აპრილს „ლუგარის ლაბორატორიაში“ საკვლევად გაგზავნეს 14 პირის ბიოლოგიური მასალა და მათგან დადებითი პასუხი მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიიღეს.

დღემდე ახალციხის „ცხელების ცენტრიდან“ თბილისის „ლუგარის ლაბორატორიაში“ გაიგზავნა 65-მდე ბიოლოგიური მასალა და მათგან კორონავირუსი სამ პირს დაუდასტურდა. სამივე მათგანი კარანტინს ახალციხეში გადიოდა და სამივეს მოგზაურობის ისტორია აქვს. პირველი შემთხვევა 25 აპრილს დაუდასტურდა, მეორე 29-ში და მესამე დღეს, 30 აპრილს.

30 აპრილის 12:30 საათის მონაცემებით, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის საერთო ჯამში, 539 შემთხვევა. მათგან 178 უკვე გამოჯანმრთელდა. 6 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG