Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში ანტისამთავრობო დემონსტრაცია გაიმართა. ხელისუფლებამ 17 მაისამდე გააგრძელა საგანგებო მდგომარეობა


 ანტისამთავრობო მსვლელობა პრაღაში
ანტისამთავრობო მსვლელობა პრაღაში

მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, პრაღაში, ლეტნას პარკში, 29 აპრილს ანტისამთავრობო მსვლელობა გამართა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის საქმიანობით კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში.

აქცია ორგანიზაბული იყო მოძრაობა „მილიონი მომენტი დემოკრატიისათვის“, რომლის წევრები ფეხით მივიდნენ პრემიერ-მინისტრის ოფისამდე და იქ დატოვეს ტრანსპარანტები წარწერებით: „ჩვენ არ გვინდა ვაქცინა, ჩვენ გვინდა თავისუფლება“, „ჩვენს შვილებს აქვთ განათლების უფლება“, „გახსენით სკოლები“.

ამ ანტისამთავრობო დემონსტრაციის ფონია ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილება, რომლითაც 17 მაისამდე გაგრძელდა კორონავირუსის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობის ვადა. პარალელურად ხელისუფლება განაგრძობს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ შერბილებას.

27 აპრილიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მუშაობას განაახლეს სავაჭრო ობიექტებმა, რომელთა ფართობი 2500 კვადრატულ მეტრს აღემატება. მათთან ერთად ამოქმედდა „ფიტნეს ცენტრები“, ბიბლიოთეკები და ზოოლოგიური პარკები, რომლებსაც გარე გამოფენები აქვს. უფრო დიდი სავაჭრო ობიექტები, ასევე სავაჭრო ცენტრები, საპარიკმახეროები და „სილამაზის სალონები“ მუშაობას განაახელებენ 11 მაისის მერე, ხოლო რესტორნები, სასტუმროები, თეატრები და სხვა ობიექტები - 25 მაისს.

უფრო ადრე 20 აპრილიდან ჩეხეთში გაიხსნა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ბაზრები, სახელოსნოები, ავტოსალონები და ძაღლების მოვლის სალონები.ჩეხეთში დაშვებულია 10-მდე პირის შეკრება. მანამდე 23 აპრილს გამოცხადდა, რომ ჩეხეთი აუქმებს აკრძალვას, რომელიც ეხებოდა არააუცილებელ გადაადგილებას და ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას, თუმცა საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში იმოქმედებს გარკვეული შეზღუდვები.

ხელისუფლება აცხადებს, დაწყებითი და საშუალო სკოლები მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე არ გაიხსნება.

ჩეხეთის ტერიტორიაზე ძალაში რჩება სოციალური დისტანცირების წესი და პირბადეების სავალდებულო მოხმარება ივნისის ჩათვლით.

30 აპრილის მონაცემებით ჩეხეთის რესპუბლიკაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა შეადგენს 7579-ს, ორიათასზე მეტი განიკურნა. 227- პაციენტი გარდაიცვალა. .

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG