Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი თავდაცვის ძალებს: თქვენ ამ სახელმწიფოს სახე და სიამაყე ხართ


საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა სამშვიდობო მისიებში მყოფ ქართველ სამხედროებს და სარდლობას მიულოცა თავდაცვის ძალების დღე, რომელიც 30 აპრილს აღინიშნება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრში იმყოფებოდა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის ძალების მეთაურის პირველ მოადგილესთან, ნიკოლოზ ჯანჯღავასთან ერთად.

"29 წელია თქვენ სახელმწიფოს საყრდენი ხართ. თქვენთან ერთად გაიზარდა და შედგა ეს სახელმწიფო და მსოფლიოში, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, თავის სიმაღლეზე დადგა“, - ასე მიმართა პრეზიდენტმა ქართველ სამხედროებს.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ქართველმა სამხედროებმა საქართველო ასახელეს პროფესიონალიზმით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო მისიებში: „ამას ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს. ამდენად, თქვენ ამ სახელმწიფოს სახე და სიამაყე ხართ, ამისათვის დიდ მადლობას გიხდით“.

პრეზიდენტმა პატივი მიაგო დაღუპული სამხედროების ხსოვნასაც.

არ შეიძლება პატივი არ ვცეთ ჩვენს ვეტერანებს, რომლებსაც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ აქვთ ის სტატუსი, რომელიც უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ეს ყველა ჩვენგანის სურვილია, რამეთუ ძლიერი ჯარი ძლიერი ვეტერანების გარეშე არ არსებობს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG