Accessibility links

ტიკარაძის თქმით, მე-15 დადგენილებით დაფინანსება არა სამედიცინო, არამედ ესთეტიკის ცენტრებს უწყდებათ


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მთავრობა მიჰყვება დადგენილებას, რომელიც ითვალისწინებს პირველი მაისიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას იმ ამბულატორიებისა და პოლიკლინიკებისთვის, რომელთაც 13 ათასზე ნაკლები კონტინგენტი ჰყავთ.

კითხვაზე, შევა თუ არა დადგენილება ძალაში კოვიდ-19-ის კრიზისის ფონზეც, მინისტრმა განაცხადა, რომ დღეს, 30 აპრილს 18 საათზე შეიკრიბება პირველადი ჯანდაცვის საბჭო და დაბებში მდებარე ისეთ ობიექტებზე იმსჯელებს, რომელთა ბენეფიცირების რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე 13 000 ადამიანს ვერ აღწევს. მინისტრის თანახმად, ეს სამედიცინო ობიექტები მუშაობას დაფინანსებით გააგრძელებენ:

„გამომდინარე იქიდან, თუ სად არიან ისინი გეოგრაფიულად ლოკალიზებულები, ასეთი დაწესებულებები დარჩებიან როგორც სტრატეგიული ობიექტები.“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, სხვა დაწესებულებების მიმართ დადგენილება ცვლილებებს არ ითვალისწინებს, რადგან სახელმწიფო დაფინანსება ძირითადად ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს შეუწყდებათ:

„სხვა დაწესებულებები,რომლებიც მეტწილად წარმოადგენდნენ არა სამედიცინო დაწესებულებებს არამედ ისეთებს, როგორიც არის ესთეტიკური ცენტრები და და ისინი დამატებით მონაწილეობდნენ კიდევ სახელმწიფო დაფინანსებაში, მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია და ეს რა თქმა უნდა, განხორციელდება“, - განაცხადა მინისტრმა. მან ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველოში ექიმების დეფიციტია და ამ დაწესებულებებში დასაქმებულ მედპერსონალს უმუშევრად დარჩენა არ ემუქრება.

1-ლი მაისიდან, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახელმწიფო დაფინანსების მიღება უწყდებათ იმ ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს, რომელთა რეგისტრირებული კონტიგენტი 13 000-ზე ნაკლებია.

მთავრობამ მე-15 დადგენილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს, 30 აპრილს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ამ დადგენილებას. იგი მიიჩნევს, რომ მთავრობამ იგი უნდა შეაჩეროს, რადგან დოკუმენტი ამოქმედების შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებს ფინანსური პრობლემის წინაშე დააყენებს და მათ პერსონალის გათავისუფლება მოუწევთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG