Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იარაღმა შეიძლება დავარდნის დროს გაისროლოს - ადვოკატის თქმით, ცინარიძეს უსაფუძვლოდ შეეფარდა პატიმრობა


საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის ადვოკატი კახა ხვისტანი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ცოლზე არ უძალადია და იარაღი შემთხვევით გაუვარდა. მისი თქმით, ცინარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობაც არ უნდა შეფარდებოდა.

"რატო არავინ არ ინტერესდება, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობდა დაპატიმრების საფუძველი. მე გირჩევდით ამ კუთხეზე გაგეგმახვილებინათ ყურადღება იმიტომ, რომ ხვალ და ზეგ ან ჩვენ ან ჩვენი ძმა ან ჩვენი და შეიძლება ანალოგიურად საფუძვლების არარსებობით აღმოჩნდეს ციხეში", - ამბობს ხვისტანი.

მისი თქმით, ტყვია შესაშინებლად არ გასროლილა:

"იარაღმა შეიძლება დავარდნის დროს გაისროლოს, შეიძლება ბუდიდან ამოღებისას. იარაღის გავარდნის მილიონი ვერსიაა, შეიძლება გაუფრთხილებლობით მოხდეს. მე არ მაქვს უფლება ამ თემაზე ვისაუბრო".

ადვოკატი ამბობს, რომ დავით ცინარიძე "ოჯახს პირად სივრცედ მიიჩნევს" და ამ თემაზე საუბრის უფლება არ აქვს.

დღეს, 30 აპრილს საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ ცოლს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-151-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტითა და 126¹-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG