Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამ დიდ ქალაქში 56 პოლიკლინიკასა და ამბულატორიას სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდა


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მედიას გააცნო პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ იმ პოლიკლინიკებსა და ამბულატორიებს, რომელთა კონტიგენტი 7000 მოქალაქეზე ნაკლებია. საწყისი კრიტერიუმი, რომელიც კონტიგენტის რაოდენობა განისაზღვრა ოპტიმალური დაწესებულებისთვის, 13 000 მოქალაქე იყო, თუმცა COVID -19-ის გავრცელების გამო რაოდენობა შემცირდა.

„COVID-ის პირობებში დაწესებულებებისთვის რთული იყო მარკეტინგის წარმოება. საბჭომ გაითვალისწინა ეს და მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაწესებულებები, რომლებიც დღეს ემსახურებიან 7000 და მეტ ადამიანს (მეტი სიზუსტისთვის ასეთი დაწესებულება არის სულ რამდენიმე, სადაც მოსახლეობა არის 7000-8000, ან 10 000-11 000 და უახლოვდება 13 000-ს), რა თქმა უნდა, ძალიან ხელოვნური გადაწყვეტილება იქნებოდა ამ დაწესებულებების დღეს პროგრამიდან გამოთიშვა. ჩვენთვის ოპტიმალური მოწყობა არის ისეთი, რომელიც ემყარება სწორედ ამ დაწესებულებების გაძლიერებას და გეოგრაფიულ მოწყობას. ეს დაწესებულებები პროგრამაში მონაწილეობას გააგრძელებენ, რაც მინისტრის ბრძანებით გამყარდება“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დღეს თბილისის ფარგლებში სახელმწიფო პროგრამაში სულ 117 დაწესებულება მონაწილეობს, ხოლო 20-მდე დაწესებულება - ბათუმსა და ქუთაისში.

როგორც გაბუნიამ განაცხადა, ახალი კრიტერიუმის თანახმად, ჯამში სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას აღარ გააგრძელებს 56 სამედიცინო დაწესებულება. მისი თქმით, აღნიშნულ არეალში არიან სერვისის სხვა მიმწოდებლები, რომლებიც, როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, მცირერიცხოვან მოსახლეობას მოემსახურება. „ისინი მოსახლეობის მცირე რაოდენობას ემსახურებოდნენ (200, 300, 1000-1500 ადამიანს). ჯამურად აღნიშნულ 56 დაწესებულებასთან მიმაგრებული იყო 90 000 ადამიანი, რომლებიც სხვა მოქმედ დაწესებულებებში გადანაწილდებიან, თუმცა შემდეგ მოქალაქეებს დარჩებათ არჩევანის უფლება და ისინი იმ დაწესებულებებს შორის გააკეთებენ არჩევანს, რომლებიც გააგრძელებენ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას“, - თქვა გაბუნიამ. როგორც ის აღნიშნავს, ცვლილება ემსახურება საყოველთაო ხელმისაწვდომობის ფარგლებში პირველ რიგში ეფექტიანობის გაუმჯობესებას.

რაც შეეხება სამსახურის გარეშე დარჩენილ მედპერსონალს, გაბუნია აღნიშნავს, რომ პრობლემას წარმოადგენს არა უსამსახუროდ დარჩენილი მედპერსონალი, არამედ ოჯახის ექიმებისა და ექთნების დეფიციტი. „ის 56 დაწესებულება არის სპეციალიზებული, ისინი აწვდიან ამბულატორიულ სერვისს და ისინი გააგრძელებენ სხვა პროგრამების ფარგლებში ან კერძო დაფინანსებით ამ სერვისების მიწოდებას. იქ დასაქმებული ოჯახის ექიმებისთვის ეს იყო, როგორც წესი, მეორე სამსახური. იმ დაწესებულებებში, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობას გააგრძელებენ, ნამდვილად არის იმის საჭიროება, რომ სამედიცინო პერსონალი გაიზარდოს და თითოეული ეს დაწესებულება მზად არის ამისთვის და ჯანდაცვის სამინისტრო ხელს შეუწყობს პერსონალის მობილიზებას, რაც დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია COVID-19-ის პირობებში“, - ამბობს თამარ გაბუნია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG