Accessibility links

პრეზიდენტი ტრამპი ახალი ვირუსის გავრცელების წყაროდ უჰანის ინსტიტუტს მიიჩნევს


აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების წყარო ჩინეთის ქალაქ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტია.

30 აპრილს, თეთრ სახლში პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპს ჰკითხეს, უნახავს თუ არა მტკიცებულება, რაზეც მან უპასუხა, რომ უნახავს, მაგრამ დეტალებზე საჯაროდ ვერ ილაპარაკებს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთმა ვირუსის გავრცელება ვერ, ან არ შეაჩერა და ამით მსოფლიო მძიმედ დაზარალდა. ტრამპმა ისევ გააკრიტიკა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, რომელსაც ჩინეთის პიარ-სააგენტო უწოდა.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მედიას უთხრა, რომ არ იციან ვირუსის გავრცელება უჰანის ინსტიტუტიდან დაიწყო, ბაზრიდან, თუ რომელიმე სხვა ადგილიდან.

30 აპრილს, აშშ-ის სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ ახალი კორონავირუსი არ არის ადამიანის მიერ შექმნილი, ან გენეტიკურად მოდიფიცირებული, მაგრამ განაგრძობენ იმის კვლევას, ხომ არ გამოიწვია პანდემიაში გადაზრდილი ეპიდაფეთქება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტმა, ან უჰანის ლაბორატორიაში მომხდარმა შეცდომამ.

უჰანის ვირუსოლოგიის სახელმწიფო ინსტიტუმა რამდენჯერმე უარყო, რომ ახალი კორონავიუსი ხელოვნურად შეიქმნა, ან რომელიმე ლაბორატორიიდან გავრცელდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად.

Reuters-ი სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს მუშაობა ჩინეთის წინააღმდეგ სავაჭრო-ეკონომიკური ზომების მისაღებად.

მძიმე პნევმონიის, COVID-19-ის გამომწვევი ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის ბოლოდან დაიწყო ჩინეთის ქალაქ უჰანიდან. პირველწყაროდ ცხოველების ბაზარი სახელდება.

ამჟამად კორონავირუსი გავრცელებულია მსოფლიოს 212 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. საერთო ჯამში, უკვე დაავადდა 3 300 000-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 234 000-ს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG