Accessibility links

site logo site logo

პაციენტს ოკუპირებული აფხაზეთიდან კორონავირუსი არ დაუდასტურდა


ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ გახსნილი „ცხელების ცენტრის“ შვიდ საეჭვო სიმპტომებიან პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მათ შორისაა 32 წლის ქალი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონიდან.

ორსული პაციენტი გალის რაიონიდან ქუთაისის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს და მისთვის აუცილებელი გახდა საკეისრო კვეთის გაკეთება. კორონავირუსის სიმპტომების გამო, პაციენტის ბიოლოგიური მასალა კვლევისთვის გაიგზავნა და პასუხი უარყოფითი იყო. ის ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება დანარჩენ საქართველოსთან ჩაკეტილ ე.წ. საზღვარს პერიოდულად უხსნის მოქალაქეებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.

ოკუპირებული აფხაზეთიდან ბოლო ორ თვეში გადმოყვანილ პაციენტებს შორის, კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა. გალის რაიონში მცხოვრებ ქალს, რომელიც რუსეთში იმყოფებოდა, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში უმკურნალეს და გამოაჯანმრთელეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG