Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედპერსონალის ინფიცირების გამო დაკეტილი „თიმი“ მუშაობას ორშაბათიდან, 4 მაისიდან განაახლებს


თბილისის მედიცინის ინსტიტუტი (TIM), რომელიც თანამშრომელთა ახალი კორონავირუსით ინფიცირების გამო დროებით დახურულია, მუშაობას 4 მაისს განაახლებს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას კლინიკის დირექტორმა, ლევან ყურაშვილმა უთხრა. მისი განმარტებით, კლინიკაში მისი დროებითი დაცლის დღიდან დღემდე ორჯერ ჩატარდა დეზინფექცია, თანამშრომლებმა საკარანტინო პერიოდი გაიარეს და ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ თბილისის სამედიცინო ინსტიტუტმა საქმიანობა განაახლოს.

ლევან ყურაშვილის თანახმად, 4 მაისს გაიხსნება კლინიკის ამბულატორიული ნაწილი, ხოლო ზუსტად ერთ კვირაში ეტაპობრივად მას დაემატება სტაციონარული ნაწილიც.

ლევან ყურაშვილი აღნიშნავს, რომ საავადმყოფოს მედპერსონალი, რომელთა კოვიდინფიცირების გამოც დაიხურა კლინიკა, ამ დროისათვის პრაქტიკულად გამოჯანმრთელებულია:

„იყო ორი ექიმი და ხუთი ექთანი. ამ ორი ექიმიდან ერთი ექიმი უკვე ბინაზეა, მეორეს პირველი ტესტირება უარყოფითი ჰქონდა და დღეს ელოდება მეორე პასუხს. თუ ისიც უარყოფითი იქნა, ისიც სახლში იქნება“, - გვითხრა ლევან ყურაშვილმა. მისი ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია ასევე ინფიცირებული ექთნების მდგომარეობა. ლევან ყურაშვილის თქმით, ახალი კორონავირუსი დამატებით არც ერთ თანამშრომელს აღარ დადასტურებია.

CIVID-19-ის 12 დადასტურებული შემთხვევის გამო, თბილისის მედიცინის ინსტიტუტი 17 აპრილს დაიხურა. ინფიცირებულთა შორის 2 ექიმი იყო, 5 ექთანი და 5 პაციენტი.

თბილისის მედიცინის ინსტიტუტში ახალი კორონავირუსის ინფიცირების სავარაუდო წყარო კლინიკის ერთ-ერთი თანამშრომელი, ექთანი იყო. მისი ძმა არის თბილისის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის მღვდელი გიორგი პაპავა, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირება 566 ადამიანს დაუდგინდა. აქედან 184 გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG