Accessibility links

მარნეულში ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებულთა ოჯახს ნაკვეთი გაუთოხნეს


მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარადისში ქალებმა ნაკვეთი გაუთოხნეს COVID-19-ით ინფიცირებულთა ოჯახს. ამ გზით მათ ოჯახს კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს.

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გაეროს ქალთა ორგანიზაცია, UN Women Georgia აქვეყნებს. ინფორმაციის თანახმად, კოვიდინფიცირებული ოჯახის დახმარების ინიციატორი იყო მარადისის მკვიდრი, ფონდ „ტასოს“ სათემო მუშაკი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის სათემო მობილიზაციის პროექტის მონაწილე ნაირა პაქსაძე. UN Women Georgia-ს თანახმად, მან სხვა აქტიურ ქალებთან ერთად, სოციალური დისტანციის დაცვით გათოხნა ნაკვეთი და ოჯახს, რომლის წევრებიც ახლა საავადმყოფოში მკურნალობენ, შემოსავლის ერთადერთი წყარო შეუნარჩუნა.

„სხვა რა უნდა გავაკეთოთ ამ მდგომარეობაში? რაც შეგვიძლია, ეს არის. ახლა რომ არ გაგვეთოხნა, სარეველა სულ გააფუჭებდა. საავადმყოფოდან რომ გამოვლენ, საარსებო ხომ უნდა დახვდეთ“, - უთხრა ნაირა პაქსაძემ UN Women Georgia-ს.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირება 566 ადამიანს აქვს დადასტურებული. აქედან 184 გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG