Accessibility links

მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული სასულიერო პირის წინასწარი პატიმრობა გასაჩივრდა


ყინწვისის მონასტრის სასულიერო პირის, დავით (კობა) კობაიძის ადვოკატებმა გაასაჩივრეს გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.

დაცვის მხარემ დღეს, 1 მაისს მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც საქმე 72 საათში უნდა განიხილოს. ადვოკატების პოზიციაა, რომ მამა დავითი აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დატოვონ, ან გირაოთი გაათავისუფლონ.

სამართალდამცავებმა სასულიერო პირი 27 აპრილს დააკავეს. მეორე დღეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით.

გამოძიების ინფორმაციით, დავით კობაიძემ ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა იმავე ეპარქიის არქიმანდრიტის, საბა ჟღენტის ავტომანქანას. 29 აპრილს, გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დავით კობაიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ ტყვიის მასრებზე დავით კობაიძის დნმ არ ფიქსირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG