Accessibility links

საქართველო სამხრეთ კორეიდან კორონავირუსის ტესტების ახალ მარაგს მიიღებს


სამხრეთი კორეა საქართველოში COVID-19-ის ტესტების ახალ მარაგს გზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს საქართველოს ელჩი სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი.

ელჩის თანახმად, COVID-19-ის ტესტების ახალი ნაკადი ცნობილ კორეულ კომპანიას SD Biosensor-ს ეკუთვნის.

„მადლიერებას გამოვხატავთ ამ ხანგრძლივ თანამშრომლობაში ჩართული მხარეების მიმართ“, - წერს ელჩი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორეული კომპანია SD Biosensor საქართველოს ანტიგენზე დამყარებულ ტესტებს აწვდის.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თანახმად, საქართველოში ამჟამად გერმანული, ბრიტანული, აშშ-ის CDC-ის, სამხრეთ კორეისა და ჩინეთის ტესტებია შემოსული.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ტესტირების მასშტაბის გაზრდის ფარგლებში 10-15 მაისისთვის ქვეყანაში დღეში 1500-2000 ტესტის ჩატარება იგეგმება.

1 მაისის საღამოს მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 566 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 207 ადამიანი, გარდაცვლილია - 6.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG