Accessibility links

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი აპირებს


დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანახმად, 2020 წლის გამოცდებისთვის რეგისტრირებულია 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი, 3600-ზე მეტი სტუდენტი, მაგისტრობის 12 600-ზე მეტი კანდიდატი და 19 600-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება, გამოცდები ტრადიციულად ივლისში ჩატარდება, ხოლო მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების კონკრეტული გეგმა არ არსებობს, თუმცა კონსულტაციები ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან მუდმივად მიმდინარეობს. გამოცდების ცენტრის თანახმად, გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღები სწორედ ამ რეკომენდაციების შედეგად განისაზღვრება.

„საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის, დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მთავარი ამოცანაა, ერთი მხრივ, მაქსიმალურად დაიცვას გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მეორე მხრივ კი, საგამოცდო პროცესი სრულყოფილად წარმართოს“, - განმარტავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

2020 წლის გამოცდებზე რეგისტრაცია 30 მარტს უნდა დასრულებულიყო. მისი ერთი თვით გაგრძელების გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.

1 მაისის საღამოს მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 566 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 207 ადამიანი, გარდაცვლილია - 6.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG