Accessibility links

ზურაბიშვილი: ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ცილისმწამებლური განცხადებები სრულიად მიუღებელია


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად მიუღებელად მიიჩნევს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ ბოლო დროს გავრცელებულ კრიტიკულ და ცილისმწამებლურ განცხადებებს.

„დღეს პანდემიასთან ბრძოლაში, ისევე როგორც მანამდე ლუგარის ცენტრის სამეცნიერო მიღწევები და მისი უდიდესი მნიშვნელობა ჩვენს დაფასებას და მადლიერებას იმსახურებს.

ცენტრის გამოცდილებამ, ამერიკელ პარტნიორებთან მისმა მრავალწლიანმა თანამშრომლობამ და ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მზაობამ განაპირობა საქართველოს წარმატება პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე.

სწორედ ამიტომ ლაბორატორიაზე თავდასხმა, ცრუ ინფორმაციის გავრცელება აღიქმება, როგორც საქართველოსა და მისი მიღწევების დისკრედიტაციის მცდელობა“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ზურაბიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს ლუგარის ლაბორატორიის, მისი ხელმძღვანელობის, თანამშრომლების საქმიანობის მნიშვნელობას და როლს კრიზისის მართვასა და დაძლევაში.

„მინდა, რომ ჩემი და საზოგადოების სახელით მათ მადლობა ვუთხრა“, - დასძენს პრეზიდენტი.

24 აპრილს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, „სხვადასხვა წყაროებით არაერთხელ გავრცელდა უსაფუძვლო, ალოგიკური და უმეტესად ცილისმწამებლური ბრალდება, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს ცენტრის რეპუტაციასა და საქმიანობას და აპოგეას მიაღწია გუშინდელი ერთ-ერთი არხის სატელევიზიო სივრცეში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG