Accessibility links

საგარეო უწყება: ჩინეთი ემიჯნება მედიაში საქართველოს ხსენებას არასწორი ინტერპრეტაციით


ლუგარის ლაბორატორიაზე ჩინურ მედიაში გასული ინფორმაციის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის ელჩს ლი იენს შეხვდა.

ცნობაში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, ნათქვამია, რომ შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის პროპაგანდაზე, რაც განსაკუთრებით გამძაფრდა COVID-19 პანდემიის დროს. ის შეეხო საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან სამედიცინო და სამეცნიერო დანიშნულების ობიექტს როგორიც ლუგარის ლაბორატორიაა. „აღინიშნა, რომ, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რომელსაც სამწუხარო გამოხმაურება მოჰყვა ჩინეთის მედიასაშუალებებში”, - აღნიშნავს სამინისტრო.

პრესრელიზის თანახმად, „შეხვედრაზე ჩინურმა მხარემ აღნიშნა, რომ ის ემიჯნება მედიის მხრიდან საქართველოს ხსენებას არასწორი ინტერპრეტაციით და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის შენარჩუნდება არსებული წარმატებული ურთიერთობები, მათ შორის სამედიცინო და კვლევითი მიმართულებით. აღინიშა, რომ პანდემიის დაწყებიდან ხდება ქართველი და ჩინელი ექიმების, ეპიდემიოლოგების და დაავადებათა კონტროლის სამსახურების მუდმივი კონტაქტი და ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით ინფორმაციების, კვლევის შედეგების და მკურნალობის მეთოდების აქტიური გაზიარება“.

როგორც სამინისტრო აღნიშნავს, ჩინურ მხარეს მიეწოდა დამატებითი დეტალური ინფორმაცია საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასევე ლუგარის ლაბორატორიის მუშაობის და მნიშვნელობის შესახებ, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის. ხაზგასმით აღინიშნა მიმდინარე პერიოდში ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა და მისი ეფექტიანი საქმიანობა COVID-19-ის პანდემიის პრევენციის და დამარცხების კუთხით, ასევე ცენტრის თანამშრომლობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების შესაბამის ლაბორატორიებთან და მედიკოსებთან გამოცდილების გაზიარების კუთხით.

1 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაოაქვეყნა, რომელშიც ის სრულიად მიუღებელად მიიჩნევს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ ბოლო დროს გავრცელებულ კრიტიკულ და ცილისმწამებლურ განცხადებებს.

ჩინურმა გამოცემამ Xinhuanet-მა გამოაქვეყნა ცნობა, რომლის თანახმად, 29 აპრილს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აშშ-ს მოუწოდა, სერიოზულად მიიღოს საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არსებული მისი ბიოლაბორატორიის შესახებ და დაიცვას ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

ჩინური გამოცემის ცნობით, პრესსპიკერმა მორიგ ბრიფინზე, მას შემდეგ ილაპარაკა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანალოგიურ საკითხზე შეშფოთება გამოხატა. Xinhuanet-ი იმასაც იტყობინება, რომ უცხოურმა მედიამ, ასევე გამოააშკარავა, რომ ასეთ ლაბორატორიებს მთლიანად აშშ მართავს და მისი თავდაცვის სამინისტროს მითითებაა, შეისწავლონ საშიში დაავადებები მიზნობრივად, ადამიანთა სპეციფიკურ ჯგუფებში ან ჩაატარონ კვლევითი პროექტები, რომლებიც აკრძალულია აშშ-ში.

„აშშ-მ დააარსა არაერთი ბიოლოგიური ლაბორატორია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მაგრამ შეინარჩუნა დუმილი მათი ფუნქციების, დანიშნულებისა და უსაფრთხოების ფაქტორებთან დაკავშირებით,“ - ასე ციტირებს გამოცემა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს, რაც, მისივე ცნობით, გახდა ღრმა წუხილის საგანი ადგილობრივ მოსახლეობასა და მეზობელ ქვეყნებში. გამოცემის ვერსიით, ბევრი ადამიანი მკაცრად მოითხოვს შესაბამისი ლაბორატორიების დახურვას. „ჩვენ ვიმედოვნებთ, აშშ-ის მხარე სერიოზულად იღებს საერთაშორისო საზოგადოების წუხილს, პასუხისმგებლობით მოეკიდება ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას და გაატარებს კონკრეტულ ღონისძიებებს, რათა შემცირდეს მათი მღელვარება“, - მოჰყავს საგარეო უწყების სპიკერის ციტატა Xinhuanet-ს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG