Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოალიცია „თანასწორობისთვის“: ანტიკრიზისულ გეგმაში ლგბტქი ადამიანების საჭიროებები არ არის გათვალისწინებული


კოალიცია „თანასწორობისთვის“ განცხადებით, COVID – 19-ის ეპიდემიასთან გამკლავების მიზნით საგანგებო მდგომარეობის გაახანგრძლივებამ კიდევ უფრო დაამძიმა საზოგადოების იმ მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობა, რომელთაც სოციალური დისტანცირების საშუალება არ აქვთ და საკარანტინო პირობებში ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილების გარეშე უწევთ არსებობა.

როგორც კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი, 2020 წლის 24 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ გამოაქვეყნებულმა ანტიკრიზისულმა გეგმამ სახელმწიფოს დახმარების მიღმა ბევრი ისეთი ჯგუფი დატოვა, რომლებზეც კრიზისმა და მასთან გამკლავების გზად არჩეულმა სოციალური დისტანცირებისა და კარანტინის სტრატეგიამ ყველაზე მძიმედ იმოქმედა: თვითდასაქმებული და პრეკარიატულ შრომაში ჩართული ადამიანები - მეტწილად ქალები (მათ შორის, ძიძები, დამლაგებლები, მომვლელები), მარტოხელა დედები, უსახლკარო ადამიანები, სექსსამუშაოში ჩართული ქალები და სხვ.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ სათემო ორგანიზაციებთან კონსულტაციების მიუხედავად, ანტიკრიზისულ გეგმაში არც ლგბტქი ადამიანების საჭიროებებია გათვალისწინებული. განცხადების თანახმად, „მოცემულ მდგომარეობაში, შემოსავლის და სამუშაოს გარეშე დარჩენილ ქვიარადამიანებს, ვინც ოჯახის წევრთა მხარდაჭერით ან საზოგადოების სოლიდარობით ვერ სარგებლობს, ქუჩაში დარჩენა ემუქრებათ. მათი გადაუდებელი საჭიროებები, მათ შორის ქირის სუბსიდირება და ალტერნატიული საცხოვრისით ან თავშესაფრით უზრუნველყოფა, სახელმწიფო ანტიკრიზისული დახმარების პროგრამის მიღმა დარჩა. კრიზისის დაძლევის პროცესში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეაგირება სათემო ორგანიზაციების მოთხოვნებზე ფრაგმენტულია და პროაქტიულად არ პასუხობს დღის წესრიგში მდგარ კომპლექსურ გამოწვევებს“.

კოალიცია „თანასწორობისთვის“ მოითხოვს, რომ სახელმწიფომ გაითვალისწინოს, რომ ბევრი ქვიარადამიანი, რომელსაც პანდემიის პირობებში საცხოვრისის პრობლემა დაუდგა, ხშირად ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, ან ოჯახიდან სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო მოკვეთილი და დევნილია.

კოალიცია „თანასწორობისთვის“ მოუწოდებს სახელმწიფოს:

  • გაითვალისწინოს ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსი ქალების და ქვიარადამიანების საჭიროებები, ვინც კრიზისის გამო, ორმაგი, სოციალური და ეკონომიკური ჩაგვრის მსხვერპლია, გამოწვეული საცხოვრისის დაკარგვის რისკით, ისევე, როგორც სისტემური ჰომო/ბი/ტრანსფობიური ძალადობით და ბულინგით, და უზრუნველყოს მათთვის ქირის სუბსიდირება, თავშესაფარი ან ალტერნატიული საცხოვრისის მობილიზება.
  • გაატაროს დამატებითი ღონისძიებები, რომელიც მიმართული იქნება იმ მოწყვლადი ჯგუფების დახმარებაზე (მათ შორის ლგბტქი ადამიანებისთვის), ვისი საჭიროებებიც არ აისახა ანტიკრიზისულ სამთავრობო გეგმაში;
  • ღიად გამოხატოს თემის წევრთა მხარდაჭერა, განსაკუთრებით, იმ მოცემულობაში, როცა თემის წევრებს ვირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობის ფონზე, ორმაგი სირთულით უწევთ ჰომო/ბი/ტრანსფობიურ გარემოში ამ პერიოდის გავლა.
  • დაიწყოს გამჭვირვალე პროცესი ინკლუზიური სოციალური პოლიტიკის პროექტის შემუშავებაზე, რომელიც სისტემურად უპასუხებს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების გამოწვევებს და მიმართული იქნება გაძლიერებისა და თანასწორობისკენ, როგორც პოსტკრიზისის პერიოდში, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

30 აპრილს პოლიციამ აღკვეთა სუიციდის მცდელობა თბილისის მერიასთან. ტრანსგენდერმა ქალმა თავის დაწვა სცადა. „მე ვარ ტრანსგენდერი ქალი და იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფო ჩემზე არ ზრუნავს, თავს ვიკლავ“, - ამბობდა ის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG