Accessibility links

3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება


3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება ჟურნალისტების დაშინებისა და დევნის ფონზე მრავალ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიის შესახებ ინფორმაციის მიჩქმალვას ცდილობს.

გაეროს მიერ დაწესებულ ამ დღეს წელს მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება სწორ ინფორმაციას პანდემიის და მასთან საბრძოლველად შემოღებული აკრძალვების შესახებ.

პანდემიის პირობებში „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალ და სამოქალაქო ჟურნალისტებს შეეძლოთ თავისუფლად გადმოსცენ, რასაც ხედავენ და ესმით და თავისუფლად გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 2 მაისს.

ისე, რომ კონკრეტულად არცერთი ქვეყანა არ დაუსახელებია, პომპეომ მთავრობებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ დეზინფორმაციის გავრცელება და ცენზურა და გაათავისუფლონ ჟურნალისტები, რომლებიც საკუთარი პროფესიული საქმიანობისთვის იმყოფებიან ციხეში.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ პანდემიამ ხელი შეუწყო დეზინფორმაციის, მავნე რჩევებისა და კონსპირაციული თეორიების გავრცელებას.

მისი თქმით, მასმედია ასეთი ინფორმაციის წინააღმდეგ ანტიდოტის ფუნქციას ასრულებს „შემოწმებული, მეცნიერული, ფაქტებზე დამყარებული ახალი ამბებისა და ანალიზის“ საშუალებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG