Accessibility links

site logo site logo

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს, შეუძლია თუ არა ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის შექმნა


ისრაელის უზენაეს სასამართლოში 3 მაისს დაიწყო ორდღიანი მოსმენა, რომლის მიზანია, გაირკვეს, შეუძლია თუ არა მთავრობის ჩამოყალიბება პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც კორუფციაშია ბრალდებული.

სასამართლოს უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ქვეყანაში შეიძლება ჩატარდეს 2019 წლის აპრილის შემდეგ მეოთხე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

გასულ თვეში ნეთანიაჰუმ და მისმა მთავარმა პოლიტიკურმა მეტოქემ, ბლოკ „ლურჯი და თეთრის“ თავმჯდომარემ, ბენი განცმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთობის მთავრობის შექმნაზე. შეთანხმების მიხედვით, ისინი რიგრიგობით უხელმძღვანელებენ მინისტრთა კაბინეტს. წინა სამმა კენჭისყრამ ვერცერთ ძალას ვერ მიანიჭა უმრავლესობა.

როგორც ვარაუდობენ, ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც ათ წელზე მეტია, სათავეში უდგას მემარჯვენე ფრთას, მთავრობას უხელმძღვანელებს წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რის შემდეგაც მას შეცვლის ცენტრისტი ბენი განცი - ისრაელის არმიის გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი.

მაგრამ რიგმა ორგანიზაციებმა, მათ შორის, ოპოზიციურმა პარტიებმა და დემოკრატიის მაკონტროლებელმა გაერთიანებებმა, სასამართლოში იჩივლეს შეთანხმების გაუქმების მოთხოვნით. მიზეზად ისინი ასახელებენ სისხლის სამართლის საქმეს ნეთანიაჰუს წინააღმდეგ. მოსალოდნელია, რომ უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებას 7 მაისს გამოაცხადებს.

იანვარში ნეთანიაჰუს ბრალი წაუყენეს მექრთამეობის, თაღლითობისა და ნდობის ბოროტად გამოყენების მუხლებით. თვითონ ის ბრალეულობას უარყოფს და აცხადებს, რომ „კუდიანებზე პოლიტიკური ნადირობის“ მსხვერპლია.

ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი 24 მაისს დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG