Accessibility links

პრეზიდენტი ტრამპი ირწმუნება, რომ ახალი კორონავირუსის შესახებ იანვრის ბოლომდე არაფერი იცოდა


აშშ-ის სპეცსამსახურებს კორონავირუსის საკითხი იანვრის ბოლომდე არ დაუსვამთ. ამის შესახებ ტვიტერზე წერს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

პრეზიდენტის ინფორმაციით, სპეცსამსახურებმა კორონავირუსზე ლაპარაკი დაიწყეს იანვრის ბოლოს, მის მიერ ჩინეთიდან აშშ-ში ჩასვლის აკრძალვამდე ცოტა ხნით ადრე და მაშინ რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეზე არ მიუთითებდნენ.

აპრილის დასაწყისში, ტელეკომპანია ABC News-ი იუწყებოდა, რომ ჩინეთის ქალაქ უჰანში გავრცელებული ინფექციის საფრთხეზე საუბარი იყო აშშ-ის სამედიცინო დაზვერვის ეროვნული ცენტრის მიერ ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში მომზადებულ ანგარიშში. პრეზიდენტმა ტრამპმა ამ ინფორმაციას ფეიკი უწოდა.

აპრილის ბოლოს გამოცემა The Washington Post-ი წერდა, რომ წლის დასაწყისიდან სპეცსამსახურებმა დონალდ ტრამპი არაერთხელ გააფრთხილეს და ახალი სახეობის კორონავირუსი სულ მცირე 10-ჯერ იყო ნახსენები ყოველდღიურ ბიულეტენებში, რომელიც პრეზიდენტისთვის მზადდება. გამოცემის წყაროების მტკიცებით, ტრამპი ამ შეტყობინებებს ყოველთვის არ კითხულობდა.

მძიმე დაავადების, COVID-19-ის გამომწვევი ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის ბოლოდან დაიწყო ჩინეთის ქალაქ უჰანიდან.

ამჟამად კორონავირუსი გავრცელებულია მსოფლიოს 212 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. საერთო ჯამში, უკვე დაავადდა 3 500 000-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 248 000-ს აჭარბებს.

ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევებით პირველ ადგილზე აშშ-ია, სადაც უკვე დაავადდა მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 68 ათასზე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG