Accessibility links

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად 7,5 მილიარდი ევრო უნდა შეგროვდეს


დღეს, 4 მაისს ჩატარდება დონორების საერთაშორისო ონლაინ-კონფერენცია, რომელზეც 7,5 მილიარდი ევრო უნდა შეგროვდეს COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად.

კონფერენციის თანათავმჯდომარეები არიან ევროკომისია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ნორვეგია, კანადა, იაპონია და საუდის არაბეთი. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ვაქცინა მსოფლიოს ყველა კუთხეში სამართლიან და ხელმისაწვდომ ფასად უნდა იყიდებოდეს.

ონლაინ-კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ბილ გეიტსის ფონდის, საქველმოქმედო ფონდ Welcome Trust-ის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მძიმე დაავადების, COVID-19-ის გამომწვევი ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის ბოლოდან დაიწყო ჩინეთის ქალაქ უჰანიდან.

ამჟამად კორონავირუსი გავრცელებულია მსოფლიოს 212 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. საერთო ჯამში, უკვე დაავადდა 3 500 000-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 248 000-ს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG