Accessibility links

ზვიად რატიანი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევისთვის სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს


ზვიად რატიანი, რომლის დაკავების ვიდეოც საჯაროდ გავრცელდა, სახელმწიფოს სტრასბურგის სასმართლოში უჩივის. მის უფლებებს ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი დაიცავს. დავის საგანია ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა.

"სტრასბურგში წარდგენილ განაცხადში მითითებულია, რომ პოლიციელების მიერ ზვიად რატიანის ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ მისი ვიდეოგადაღება და ამ ჩანაწერების საჯაროდ გავრცელება იყო უკანონო. ამასთან, მათი გადაღება და გავრცელება ემსახურებოდა არა საზოგადოების ინფორმირების ინტერესს, არამედ ზვიად რატიანის მიმართ ნეგატიური განწყობის შექმნას და მისი პიროვნების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას", - ვკითხულობთ EMC-ის გავრცელებულ განცხადებაში.

რატიანი 2018 წლის დეკემბერში ე.წ. რეიდების დროს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავეს. დაკავების ვიდეო, რომელიც პოლიციელმა პირადი ტელეფონით გადაიღო და რომელშიც რატიანის გინების ხმა ისმის, სასამართლო სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა წარადგინეს. ვიდეო მოსამართლეს სხდომაზე დამსწრე პირებისთვის არ უჩვენებია, თუმცა შსს-მ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიაწოდა.

"აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ვიდეოჩანაწერის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემა გამოიწვევდა მის გასაჯაროებას და ზვიად რატიანის დისკრედიტაციას", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

რატიანმა EMC-ის დახმარებით სტრასბურგის სასამართლოს 2019 წლის 5 აგვისტოსაც მიმართა. ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მისთვის შესაძლო არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და ამ ფაქტის არაეფექტური გამოძიების გამო ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი დაირღვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG