Accessibility links

ერთი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში 10581-ით გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი


რუსეთის ოპერატიული შტაბის ცნობით, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში დადასტურდა კორონავირუსის ინფექციით დაავადებული 10581 ახალი ავადმყოფი. გარდაიცვალა 76 პაციენტი.

ეპიდემიის განმავლობაში სულ რუსეთში დაინფიცირდა 145268 კაცი, 1356 გარდაიცვალა.

კორონავირუსის ეპიდემიის შესაჩერებლად რუსეთში შემოღებულია მკაცრი შეზღუდვები. 11 მაისამდე დახურულია სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები, საზოგადოებრივი დაწესებულებები, მრავალ რეგიონში მოსახლეობას ეკრძალება გადაადგილება უკიდურესი აუცილებლობის გარეშე.

რუსეთის პრეზიდენტმა 28 აპრილს განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო ქვეყანაში შემოღებული „არასამუშაო რეჟიმის“ მოქმედების ვადა 12 მაისამდე გაგრძელდება.

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში შესაძლებელია კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა, თუ არ შეიქმნება პოპულაციური იმუნიტეტი, რისთვისაც, მინისტრის თქმით, საჭიროა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება.

მურაშკომ მოუწოდა მოსახლეობას, რომ დარჩნენ სახლში მაისის დღესასწაულებზე.

კორონავირუსის საფრთხის გამო კრემლმა გადადო 9 მაისისადმი მიძღვნილი მასშტაბური სამხედრო აღლუმის ჩატარება და გააუქმა ყველა სხვა საჯარო-სადღესასწაულო ღონისძიებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG