Accessibility links

აბიტურიენტთა დასახმარებლად განათლების სამინისტრო „ვებსკოლას“ იწყებს


საქართველოს განათლების სამინისტრო აბიტურიენტებისთვის იწყებს პროექტ „ვებსკოლას“, რომელიც მიზნად შექმნილ ვითარებაში აბიტურიენტთა დახმარებას ისახავს.

პროექტის ფარგლებში, პრაქტიკოსი მასწავლებლები აბიტურიენტებისთვის ჩაატარებენ ვებინარებს, რომლებიც პლატფორმა https://el.ge/ -ზე აიტვირთება.

განათლების სამინისტროს თანახმად, ვებინარების განრიგი ყოველკვირეულად განახლდება და ეტაპობრივად ყველა საგანს მოიცავს.

ახალი პროექტი აბიტურიენტებისთვის დღეიდან, 4 მაისიდან იწყება და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ვებინარებზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს 2 მაისიდან შეუძლია.

განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს განუმარტავს, რომ თითოეული ვებინარის აუდიოჩანაწერი შეინახება და ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

გარდა ამისა, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, ღიად დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, შეკითხვები, სურვილები და შენიშვნები, რაც განიხილება და გათვალისწინებული იქნება შემდგომი ვებინარების დაგეგმვისას.

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი აპირებს. ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია 30 აპრილს დასრულდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება, გამოცდები ტრადიციულად ივლისში ჩატარდება, ხოლო მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება. ჯერჯერობით საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების კონკრეტული გეგმა არ არსებობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG