Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HRW: გამოძიებულ იქნას შოკისმომგვრელი ცნობები ირანის მესაზღვრეების მიერ ავღანელი მიგრანტების დახრჩობაზე


ნათესავები ემზადებიან ავღანელ მიგრანტთა გვამების გადასასვენებლად
ნათესავები ემზადებიან ავღანელ მიგრანტთა გვამების გადასასვენებლად

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, ჰიუმან რაიტს უოჩი (HRW) გამოდის მოწოდებით "სრულფასოვანი გამოძიება" ჩატარდეს "შოკისმომგვრელ" ცნობებზე, რომ ირანის მესაზღვრეებმა ავღანელი მიგრანტების ჯგუფი სცემეს და ისინი მდინარეში შერეკეს.

ავღანეთის ოფიციალური პირების თქმით, გასულ კვირაში 70 მიგრანტი გადავიდა უკანონოდ ირანში, სადაც ისინი მესაზღვრეებმა სცემეს, აწამეს და შემდეგ მდინარეში შესვლა აიძულეს.

დასავლეთის პროვინცია ჰერატში, რომელიც ირანთან საზღვართან მდებარეობს, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ 12 გვამი იპოვეს მდინარე ჰარირუდში, რომელიც ორივე ქვეყანაში მოედინება.

კვლავ დაკარგულია ათობით მიგრანტი, მიმდინარეობს მათი ძებნის ოპერაცია.

"ბრალდებები ნამდვილად შოკისმომგვრელია" - უთხრა HRW-ის აზიის განყოფილების ასოცირებულმა დირექტორმა, პატრიცია გოსმანმა რადიო თავისუფლებას. "აუცილებელია სრულყოფილი გამოძიება იმის დასადგენად, თუ რა მოხდა სინამდვილეში".

გოსმანის თქმით, ამ ცნობების დადასტურების შემთხვევაში ირანის მესაზღვრეების ქცევა გაუტოლდება "ადამიანის უფლებების ძალიან სერიოზულ დარღვევას".

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, აბას მუსავიმ განაცხადა, რომ "ინციდენტი" ავღანეთის ტერიტორიაზე მოხდა.

"ირანის ისლამური რესპუბლიკის მესაზღვრეები უარყოფენ ამასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მოვლენას ჩვენი ქვეყნის მიწაზე" - ამბობს ის 3 მაისს გავრცელებულ განცხადებაში და დასძენს, რომ თეირანი გამოძიებას დაიწყებს.

გავრცელებული ცნობებით, მიგრანტებმა საზღვარი გადაჭრეს ჰერატის გულრანის ოლქიდან, რომლის მმართველმა, აბდულ ღანი ნურიმ ირანის უსაფრთხოების ძალები დაადანაშაულა ავღანელი მიგრანტების ჯგუფის მდინარე ჰარირუდში შერეკვაში.

ავღანეთის ოფიციალური პირების თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ავღანელებს აწამებენ და ხოცავენ ირანის მესაზღვრეები, რომლებიც იცავენ 920-კილომეტრის სიგრძის საზღვარს.

ინციდენტმა შესაძლოა დიპლომატიური კონფლიქტი გამოიწვიოს ირანსა და ავღანეთს შორის იმ პერიოდში, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო ავღანელი მიგრანტები მასობრივად ბრუნდებიან ირანიდან ავღანეთში. ირანი კორონავირუსით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა და დაბრუნებული მიგრანტებიდან ბევრი კორონავირუსის მატარებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG