Accessibility links

საქართველოში მუშაობა განაახლეს სამშენებლო და ავტომომსახურების კომპანიებმა


დღეიდან, 5 მაისიდან საქართველოში მუშაობა განაახლეს სამშენებლო კომპანიებმა, სამშენებლო მასალების მწარმოებლებმა, ავტოსამრეცხაოებმა და ავტოსარემონტო მომსახურების ობიექტებმა.

საქართველოს მთავრობის მიერ 24 აპრილს გამოქვეყნებული ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, კორონავირუსის გავრცელების გამო დახურული ობიექტები 2 კვირიანი შუალედებით უნდა გაიხსნას, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით.

6 ეტაპიანი გეგმის მიხედვით, სამშენებლო კომპანიებს, სამშენებლო მასალების მწარმოებლებს, ავტოსამრეცხაოებს და ავტოსარემონტო მომსახურების ობიექტებს საქმიანობა მეორე ეტაპზე, 11 მაისიდან უნდა განეახლებინათ, თუმცა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეს ვადა თითქმის ერთი კვირით შემცირდა.

4 მაისს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია გეგმის ნაწილის უფრო ადრეულ ეტაპზე დაწყება, თუმცა, ყველა შეღავათი ეფექტური იქნება მხოლოდ მაშინ, თუ თითოეული მოქალაქე და კომპანია პასუხისმგებლობით მოეკიდება ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას.

მეორე ეტაპი ითვალისწინებს კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტის მომსახურების და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირების აღდგენასაც, თუმცა, ნაადრევად მათი გახსნის გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების მიერ შექმნილი ჯგუფები ყოველდღიურად შეამოწმებენ, თუ რამდენად იცავენ კომპანიები კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში დაკისრებულ ვალდებულებებს და ჯანდაცვის სამინისტროს მითითებებს. ეს რეკომენდაციები სამინისტროს ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG