Accessibility links

TI მოითხოვს დაიწყოს  მუშაობა არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების ყველა შესაძლო სცენარზე


არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკურ პარტიებთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაიწყოს კონსულტაციები არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე.

„არჩევნები დაახლოებით 6 თვეში უნდა გაიმართოს და ჯერჯერობით გაურკვეველია, კონკრეტულად რა სისტემით ვატარებთ მას და რა ტიპის ცვლილებები შევა „საარჩევნო კოდექსში”. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ, როგორც ჩანს, არჩევნებამდე დარჩენილი თვეების განმავლობაში პანდემიასთან ბრძოლა გაგრძელდება და არჩევნების დღესაც, მაღალი ალბათობით, ეპიდემიის შესაკავებლად საჭირო ყველა შეზღუდვა ვერ მოიხსნება. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ არსებული ბუნდოვანების გასაფანტად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას”, - აღნიშნულია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებაში.

ორგანიზაციის თანახმად, გამოსაკვეთია 2 საკითხი: კერძოდ, როდის და როგორ აპირებს მმართველი გუნდი კონსტიტუციური და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას და როგორ აპირებს იგი უშუალოდ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია შენიშნავს, რომ პანდემიის დროს მსოფლიოში არჩევნებში მონაწილეობის სხვადასხვა მეთოდზე მსჯელობენ:

„განიხილება არჩევნებში მონაწილეობის რამდენიმე მეთოდი, მათ შორის დისტანციურად ხმის მიცემა (ელექტრონულად ან ფოსტით), ხმის მიცემის პროცესის არჩევნების რამდენიმე დღეზე გადანაწილება და სხვა. პანდემიის დროს ზოგ შემთხვევაში არჩევნების გადადებაც მოხდა, მაგალითისთვის, მიმდინარე წლის 28 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით მინიმუმ 52-მა ქვეყანამ გადადო სხვადასხვა დონის არჩევნები და რეფერდუმი, მათ შორის 17 საერთო ეროვნული არჩევნები ან რეფერუნდუმი იყო, 19 ქვეყანამ კი მაინც ჩაატარა დაგეგმილი არჩევნები”, - აღნიშნულია განცხადებაში.

არჩევნებისადმი პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ნდობის გათვალისწინებით, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო არჩევნების ალტერნატიული მეთოდების საქართველოში გამოყენების შესაძლებლობას სკეპტიკურად უყურებს და შესაბამისად, საჭიროდ მიიჩნევს გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

  • ეპიდემიოლოგების, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით დაიწყოს მუშაობა ყველა შესაძლო სცენარზე იმისთვის, რომ განისაზღვროს შესაბამისი ზომები არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად;
  • შემუშავდეს დროებითი შეზღუდვების პირობებში არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ნორმატიული აქტები, სადაც გაიწერება კონკრეტული რეგულაციები, რათა ტექნიკურად შესაძლებელი იყოს ყველა საჭირო პროცედურის ორგანიზება;
  • საჭიროების შემთხვევაში, მომარაგებულ იქნას შესაბამისი აღჭურვილობა და ტექნიკური საშუალებები შეზღუდვების პირობებში საარჩევნო ადმინისტრაციისა და ამომრჩევლების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. უნდა მოხდეს საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადებაც.
  • შეზღუდვების პირობებში შემუშავდეს არჩევნებზე დაკვირვების წესი და სხვა.

საერთაშორის გამჭვირვალობა-საქართველოში მიიჩნევენ, რომ ამ ღონისძიებების გარეშე ვერ იქნება უზრუნველყოფილი ამომრჩევლის მაღალი აქტივობა და არჩევნებზე სათანადო დაკვირვების შესაძლებლობა. ორგანიზაციის თანახმად, თუ ამ პირობებიდან ერთ-ერთი მაინც ვერ შესრულდება, არჩევნების ლეგიტიმურობა შესაძლოა მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დადგეს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლითაა გამოცხადებული, საპარლამენტო არჩევნები კი ოქტომბერში იგეგმება. საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნები საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან მინიმუმ 45 და მაქსიმუმ 60 დღის ვადაში ტარდება.

მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, არჩევნების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება საგანგებო მდგომარეობის 1 თვით გახანგრძლივების შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება და შესაბამისად ივლისში მოხდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG