Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილმა და სტოლტენბერგმა პანდემიის ფონზე საქართველო-ნატოს თანამშრომლობაზე ისაუბრეს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა და ნატოს გენერალურ მდივანთან გამართულ საუბარს „ძალიან პროდუქტიული“ უწოდა.

„ნატოს გენერალურ მდივანთან ძალიან პროდუქტიული საუბარი შედგა. შავი ზღვის რეგიონი პანდემიის შემდეგ გადამწყვეტ როლს შეასრულებს და მისი სტაბილურობა ჩვენი თანამშრომლობის პრიორიტეტად დარჩება. მიუხედავად მიმდინარე კრიზისისა, ჩვენი სწრაფვა ნატოსკენ გაგრძელდება“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერში.“

ნატოს გენერალურმა მდივანმა თავის მხრივ "ტვიტერში" დაწერა, რომ ალიანსი საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას გააგრძელებს COVID-19-ის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის ფარგლებშიც.

„სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან საუბარი. ნატო გააგრძელებს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა აღმოუჩინოს ჩვენს ღირებულ პარტნიორს, საქართველოს, მათ შორის COVID-19-თან ერთობლივ ბრძოლაში. მადლობას ვუხდი დიდ ბრიტანეთს ნატოს კატასტროფებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრის გავლით საქართველოს თავდაცვის საშუალებებით მომარაგების გამო“, - წერს ნატოს გენერალურ მდივანი „ტვიტერში“.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, იენს სტოლტენბერგთან საუბარში სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის გამო, ევროპაში ნატოს მასშტაბური წვრთნების ნაწილის გადადების მიუხედავად, იგი მომავალ წელს ჩატარდება და მას, როგორც დაგეგმილი იყო, საქართველოც უმასპინძლებს. ამავე განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე წელს ნატო-საქართველოს კომისიის მინისტრების დონეზე ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG