Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არქიმანდიტრი საბა ამბობს, რომ არ დაუნახავს ვინ ესროლა მის მანქანას


არქიმანდიტრი საბა ამბობს, რომ არ დაუნახავს ის ადამიანი, ვინც იმ მანქანას ესროლა ტყვია, რომელსაც ის მართავდა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა, მე კაცი სასიკვდილოდ მიმეტებდა და იმას ხელს ვერ დავადებ?! კაცი, რომელიც სასიკვდილოდ გიმეტებს, იმას ხელს ხო დაადებ? ეგ არის სიცრუე მეთქი, არ ვიცი, არ დამინახავს. რაც არ დამინახავს, იმის დამტკიცება ძნელია. ადამიანი, რომელიც ხედავს თავისი თვალით, ჩვენ სწავლება გვაქვს ასეთი, ეჭვი უნდა შეიტანო იმ თვალში - რაც არ დამინახავს, ის როგორ ვთქვა?" - განაცხადა მან.

მისი თქმით, მან არც ის იცის მის მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს თუ არა.

რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, 19 აპრილს, აღდგომის დღეს, რუის-ურბნისის ეპარქიის სასულიერო პირები სადღესასწაულო ტრაპეზზე ერთად შეიკრიბნენ. თავიდან ყველაფერი თითქოს მშვიდად მიდიოდა, მაგრამ რამდენიმე ჭიქის შემდეგ მამა დავითმა (აქიაშვილი, საერო სახელი კობა კობაიძე), ერთ-ერთ სასულიერო პირს დამცირება და დაცინვა დაუწყო. ეს ვერ აიტანა კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა საბამ (ჟღენტი), და მამა დავითს რამდენჯერმე შენიშვნა მისცა. იმ დღით მათ შორის კონფლიქტი სიტყვიერ შელაპარაკებას არ გასცდენია. მეორე დღეს არქიმანდრიტი საბა რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად ერთ-ერთ სოფელში სტუმრად წავიდა. საღამოს ყინწვისისკენ საკუთარი მანქანით ბრუნდებოდა, როცა სოფლების რიეთი-ღვლევის გზაზე ცეცხლი გაუხსნეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ სასულიერო პირს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG