Accessibility links

გერმანიამ ძებნა გამოაცხადა რუსეთის ГРУ-ს ოფიცერზე ბუნდესტაგზე ჰაკერული თავდასხმის ბრალდებით


ძებნილი დმიტრი ბადინი

გერმანიის ფედერალურმა პროკურორმა ძებნა გამოაცხადა რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) ოფიცერზე, 29 წლის დმიტრი ბადინზე, რომელიც სავარაუდო ეჭვმიტანილად ითვლება ბუნდესტაგზე განხროციელებულ ჰაკერულ თავდასხმაში. ამის შესახებ გერმანულ „ზიუდდოიჩე ცაიტუნგზე“ დაყრდნობით იუწყება რადიო თავისუფლების რუსული სამსახური. ცნობების თანახმად აღნიშნული თავდასხმა მოხდა 2015 წლის გაზაფხულზე, ხოლო ჰაკერული გზით მოპოვებული დოკუმენტები კი საიტ „ვიკილიკსზე“ გამოქვეყნდა.

აშშ-ის ხელისუფლება დმიტრი ბადინს ეჭვმიტანილად მიიჩნევს მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო WADA-სა და დემოკრატიული პარტიის შტაბის სერვერებზე განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმებში.

ამ გზით მოპოვებული მიმოწერა მოხვდა საიტ WikiLeaks-ზე, რომელიც ავსტრალიელმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა, ჯულიან ასანჟმა დააფუძნა.

ასანჟს, რომელიც ლონდონის ციხეში იმყოფება, აშშ-ში ექსტრადიცია ემუქრება. იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება მას შემდეგ, რაც დაახლოებით ერთი წლის წინ პოლიციამ გამოიყვანა ეკვადორის საელჩოდან, სადაც ასანჟი შვიდი წლის განმავლობაში იმალებოდა.

აშშ-ში, სადაც ჯულიან ასანჟს სისხლის სამართლის კოდექსის 18 მუხლის მიხედვით ედება ბრალი, მათ შორის - ჯაშუშობაში, შესაძლოა სიკვდილით დასჯა ემუქრებოდეს.

რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) ოფიცერი, დმიტრი ბადინი, სავარაუდოდ, მოსკოვში კომსომოლსკის ქუჩაზე მდებარე სამხედრო ნაწილ 26165-ის მოსამსახურეა.

კრემლი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის უარყოფენ ჰაკერულ თავდასხმებთან ნებისმიერ კავშირს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG