Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID - 19 დაუდასტურდა თეთრიწყაროდან ანაკლიის საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ ორ ბავშვს


ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიის პრესსამსახურის ცნობით, თეთრიწყაროდან საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ ორ მცირეწლოვანს COVID - 19 დაუდასტურდა. იტყობინება „პირველი არხი“.

როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან დედისა და მისი ორი შვილის ბიოლოგიური მასალა იყო გაგზავნილი. დედის პასუხი უარყოფითია, შვილებს კი 2013 და 2016 წელს დაბადებულ ბავშვებს, COVID - 19 დაუდასტურდათ.

ლაბორატორიაში 45 პაციენტის კვლევა დასრულდა. 43 პასუხი უარყოფითია. მოგვიანებით, კიდევ 41 პაციენტის პასუხი გახდება ცნობილი.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თანახმად, ამ დროისათვის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ქვემო ქართლი და განსაკუთრებით მისი სამი მუნიციპალიტეტი ბოლნისი, მარნეული და თეთრიწყარო. ამირან გამყრელიძის თანახმად, ამ სამ მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის 198 დადასტურებული შემთხვევაა.

სულ საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის 604 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 240, გარდაიცვალა 9 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 4919. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 497. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG