Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჩუგოშვილი შოკშია ყანდიაშვილთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძის განცხადების გამო


დეპუტატ თამარ ჩუგოშვილის თქმით, ის შოკშია „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადების გამო, რომელიც ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილისა და „ქართული ოცნების“ კავშირს უარყოფს.

„ძალიან გაკვირვებული ვარ, ამის გარდა ყველაფერს ველოდი. ამას რაზეც მამუკამ ისაუბრა. მუშაობდა ადამიანი და ვხედავდი. წარმოუდგენელია, მართლა სიტყვებს ვერ ვპოულობ. რა უნდა ვთქვა? იმიტომ რომ, როდესაც მუშაობს ადამიანი, ფაქტია იქ არის და უცებ აღმოჩნდა, რომ მელანდებოდა ამ წლების განმავლობაში. ამას არ ველოდი ნამდვილად“, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა, რომელმაც მმართველი პარტია გასულ წელს დატოვა.

მისი სიტყვებით, შეიძლება მამუკა მდინარაძე იმაზე აპელირებს, რომ არ არსებობს რაიმე ოფიციალური კონტრაქტი „ქართულ ოცნებასა“ და კოკა ყანდიაშვილს შორის, მაგრამ, მისი თქმით, ვერ წარმოიდგენდა, რომ „2014 წლიდან შეხება არ ჰქონია ადამიანს, ამას იტყოდნენ“.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი 2013-2014 წლებიდან აღარ აქვს და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დამთავრდეს.

2020 წლის აპრილის „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის შესახებ ანგარიშის“ თანახმად, ფეისბუკის ადმინისტრაციამ მედიაპლატფორმა „ესპერსონასა“ და ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი გააუქმა.

საქართველოში მოქმედ მედიაპლატფორმა „ესპერსონასთან“ მიმართებით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებულ ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილის სახელს უკავშირდება, ფეისბუკის ადმინისტრაციის დოკუმენტში ნათქვამია, რომ გაუქმებულია ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 122 ჯგუფი, ფეისბუკის 101 და ინსტაგრამის 56 ანგარიში. ხოლო თავად ორგანიზაცია „ესპერსონა“ უკვე აკრძალულია ფეისბუკის პლატფორმაზე.

საქართველოსთან მიმართებით საეჭვო „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ გამო ფეისბუკის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ პოლიტიკურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკაშირებული ინდივიდუალური პირებიც. საბოლოო ჯამში, ფეისბუკმა გააუქმა ენმ-სთან დაკავშირებული 23 ანგარიში, 80 გვერდი და 41 ჯგუფი და ასევე „ინსტაგრამის“ 9 ანგარიში.

ფეისბუკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამ შემთხვევაშიც ეს შეფასება „საქართველოში გაკეთებულ ადგილობრივ საჯარო ანგარიშს ეყრდნობოდა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG