Accessibility links

რუსეთის კულტურის მინისტრ ოლგა ლიუბიმოვას კორონავირუსი აღმოაჩნდა


რუსეთის კულტურის მინისტრმა ოლგა ლიუბიმოვამ ჩაიტარა კორონავირუსის ტესტი, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იტყობინება ლიუბიმოვას პრესმდივანზე დაყრდნობით.

მინისტრის წარმომადგენლის თქმით, „დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, არ არის ლაპარაკი ჰოსპიტალიზაციაზე“. ლიუბიმოვას ერთი ტესტი ჩაუტარდა თუ რამდენიმე, არ დაუზუსტებიათ. ის დისტანციურად მუშაობს.

39 წლის ლიუბიმოვა იანვარში ჩაუდგა სათავეში კულტურის სამინისტროს. მანამდე ის სამინისტროში მუშაობდა კინოს განვითარებაზე, უფრო ადრე კი - ტელევიზიაში, „პირველ არხში“.

ლიუბიმოვა რუსეთის მთავრობის მესამე წევრია, რომელიც COVID-19-ით დაავადდა. მანამდე ინფექცია დაუდგინდა პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს, ავადაა ასევე მშენებლობის მინისტრი ვლადიმირ იაკუშევი.

კორნავირუსის ინფექციის გაჩენიდან რუსეთში დადასტურებულია ინფიცირების 165 929 შემთხვევა. გარდაიცვალა 1537. ამჟამინდელი ტემპების შენარჩუნების შემთხვევაში, ხუთშაბათს რუსეთი გერმანიას გაუსწრებს და მსოფლიოში მეხუთე ადგილს დაიკავებს კორონავირუსის დადგენილი შემთხვევების რაოდენობით.

მთლიანად მსოფლიოში დადგენილია კორონავირუსით ინფიცირების 3,6 მილიონზე მეტი და გარდაცვალების 258 ათასზე მეტი შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG