Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლსკი კოკა ყანდიაშვილზე: რასაკვირველია, ის ჩვენი გუნდის წევრი და მხარდამჭერია


პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა „ფეისბუკის“ ადმინისტრაციის მიერ მედიაპლატფორმა „ესპერსონასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ასობით გვერდის, ანგარიშისა და ჯგუფის გაუქმებას.

„ტრაგედია ის არის, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც თავს მიიჩნევს კანდიდატად ქვეყანა მართოს და რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანას მართავდა, ჩაეშვა მორალური, ეთიკური და სამართლებრივი ნორმების დარღვევაში, ეს არის მთავარი საკითხი“, - თქვა ვოლსკიმ.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ, ყურადღება გადაიტანონ კოკა ყანდიაშვილზე.

„რასაკვირველია, ის ჩვენი გუნდის წევრი და მხარდამჭერია. არაოფიციალური ურთიერთობა არ გამოიხატება იმაში, რომ კოკას გვერდზე გაწევას ცდილობს ვინმე. ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, რესურსიც გააჩნია და თუკი ფეისბუქმა რაიმე გადახრა აღმოაჩინა მის აქტივობაში, შესაბამისი ზომებიც მიიღო და ეგ კიდევ გასაანალიზებელია რეალობაში, რამდენად დაარღვია მან ფეისბუქის რეგულაციები. მთავარი აქ ის არის, რომ კონკრეტული პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“ დასახელდა ორგანიზატორად მთელი რიგი დანაშაულებების, რომელიც დაუშვებელია ფეისბუქსივრცეში“, - ამბობს გიორგი ვოლსკი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი 2013-2014 წლებიდან აღარ აქვს და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დამთავრდეს:

„მას აქვს „ესპერსონა“, ერთ-ერთი სააგენტო და ის ოპერირებდა მედიასივრცეში და მათ შორის ფეისბუკსივრცეში, მაგრამ მას „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური კავშირი ან რაიმე ხელშეკრულება, ან რამე დავალება მის მიმართ „ქართული ოცნებიდან“ არ ფიქსირდება და ვერ დაფიქსირდება.

ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება ბუნებაში და, ბუნებრივია, ის ვერც ფეისბუკმა მიუთითა იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი კავშირი არ არსებობს“, - მამუკა მდინარაძემ

დეპუტატ თამარ ჩუგოშვილის თქმით, ის შოკშია „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადების გამო, რომელიც ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილისა და „ქართული ოცნების“ კავშირს უარყოფს.

საქართველოში მოქმედ მედიაპლატფორმა „ესპერსონასთან“ მიმართებით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებულ ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილის სახელს უკავშირდება, ფეისბუკის ადმინისტრაციის დოკუმენტში ნათქვამია, რომ გაუქმებულია ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 122 ჯგუფი, ფეისბუკის 101 და ინსტაგრამის 56 ანგარიში. ხოლო თავად ორგანიზაცია „ესპერსონა“ უკვე აკრძალულია ფეისბუკის პლატფორმაზე.

საქართველოსთან მიმართებით საეჭვო „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ გამო ფეისბუკის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ პოლიტიკურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკაშირებული ინდივიდუალური პირებიც. საბოლოო ჯამში, ფეისბუკმა გააუქმა ენმ-სთან დაკავშირებული 23 ანგარიში, 80 გვერდი და 41 ჯგუფი და ასევე „ინსტაგრამის“ 9 ანგარიში.

„ფეისბუკის" ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამ შემთხვევაშიც ეს შეფასება „საქართველოში გაკეთებულ ადგილობრივ საჯარო ანგარიშს ეყრდნობოდა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG