Accessibility links

site logo site logo

რუხის კლინიკაში მოათავსეს ქალი, რომელსაც COVID-19-ზე სუსტად დადებითი პასუხი აქვს


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონიდან მოათავსეს კიდევ ერთი ქალი, რომელსაც COVID-19-ზე ჩატარებულმა პირველმა ანალიზმა სუსტად დედებითი შედეგი უჩვენა. ჟურნალისტებს სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ქარცივაძემ უთხრა, რომ დაზუსტებული პასუხის მისაღებად, არის თუ არა პაციენტი COVID-ინფიცირებული, საჭიროა განმეორებითი ანალიზი, რომელსაც ხვალ, 7 მაისს ჩაუტარებენ. ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, პაციენტს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

კლინიკაში მოათავსეს ასევე თურქეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე შუახნის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დღეს, 6 მაისს დაუდასტურდა. აღნიშნული პაციენტი ასევე ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან არის. პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია:

„მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჯერჯერობით მსუბუქი მიმდინარეობისაა, თუმცა არის გარკვეული ცვლილებები ჩვენ მიერ ჩატარებულ კვლევებზე. მოგეხსენებათ დაავადების ტიპი, დანარჩენს დრო გვიჩვენებს“, - ამბობს ნიკოლოზ ქარცივაძე.

კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში 6 მაისის მონაცემებით, მკურნალობს 6 პაციენტი. როგორც ის აღნიშნავს, მათ COVId-19-ზე გამოკვლევას მუდმივად უტარებენ, გრძელდება მკურნალობა და დაკვირვება.

ერთი კვირაა, რაც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ყოველდღიურ რეჟიმში PCR-ტექნოლოგიით იკვლევენ ცხელების ცენტრის პაციენტებს და რისკჯგუფში შემავალ პირებს. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ამ ეტაპისთვის 500-მდე ბიოლოგიური ნიმუშია გამოკვლეული.

5 მაისს COVID-19 ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ორ ბავშვს დაუდასტურდა. ისინი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს წარმოადგენენ. ბავშვები სამკურნალოდ ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. მანამდე ზუგდიდში კორონავირუსის 2 შემთხვევა იყო დადასტურებული. ორივე პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაწერეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG