Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმა - იგი 200-მილიონლარიან ბიუჯეტზეა გაწერილი


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თანახმად, ტურიზმის განვითარების ანტიკრიზისული გეგმა ტურიზმისთვის 200 მილიონი ლარის მოცულობის ბიუჯეტს მოითხოვს. მინისტრის თქმით, ამ თანხის ყველაზე დიდი წილი საგადასახადო შეღავათებს მოხმარდება. კერძოდ, მინისტრის თანახმად, ჯამში ტურიზმის სექტორის საგადასახადო და საშემოსავლო გადასახადების გადავადება 135 მილიონ ლარს იწონის.

„სერიოზული რესურსი, სულ მცირე, 60 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული სასტუმროების სესხების სუბსიდირებისთვის და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სულ მცირე 3000 კომპანია ისარგებლებს ამ დახმარებით, და ტურისტული კომპანიებისთვის და გიდებისთვის მხარდაჭერის პაკეტი 5 მილიონი ლარი“, - განაცხადა ნათია თურნავამ ტურიზმის სექტორის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენაზე, რომელიც მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური გუნდის სხდომაზე გაიმართა.

ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, ტურიზმის სექტორი 2020 წლის ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება, საშემოსავლო გადასახადის გადავადება კი 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

გეგმის მიხედვით, ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე 80 პროცენტის სუბსიდირებით დაეხმარება.

სარესტორნო ბიზნესს მთავრობა ასევე სთავაზობს ჩაერთოს საკრედიტო საგარანტიო სქემაში. კერძოდ, არსებული საბანკო სესხების რესტრუქტურიზაციის პროცესში სახელმწიფო მათ 30 პროცენტიან თანაუზრუნველყოფაში დაუდგება, ახალი სესხების მოზიდვის დროს კი თავის თავზე 90 პროცენტიან თანაუზრუნველყოფას აიღებს.

იგეგმება საბანკო გარანტიის პროცენტის სუბსიდირება ტურისტულ კომპანიებისთვის. ცალკე პროგრამა მუშავდება გიდებისთვის.

ნათია თურნავას თანახმად, ეს პროგრამა გიდების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის საკითხის მოგვარებისკენ და ასევე ტურისტული ინდუსტრიის აღდგენის პროცესში, მათი ალტერნატიული დასაქმებისკენ იქნება მიმართული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG