Accessibility links

ნათია თურნავა: სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის ჩემთვისაც


ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა არ გამორიცხავს, რომ სილამაზის სალონები საქართველოში იმაზე ადრე გაიხსნას, ვიდრე მთავრობის ექვსპუნქტიანი გეგმითაა გათვალისწინებული. მან ბრიფინგზე განაცხადა, რომ სილამაზის სალონების გახსნა მისთვისაც მტკივნეული საკითხია.

„თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ინდუსტრია გადმოვწიეთ უფრო ახლოს გახსნის ეტაპზე და არ გავა ბევრი დრო მანამდე, სანამ გავხსნით სილამაზის სალონებსაც.

მაგრამ დავიმახსოვროთ, ესენი, ისევე როგორც შოპინგ მოლები, ისევე როგორც კაფეები, რესტორნები არის ისეთი ობიექტები, სადაც მეტია ადამიანებს შორის კონტაქტი და რისკი. ამიტომ კიდევ ცოტა დრო გვინდა იმისთვის, რომ კიდევ ყველა შევამოწმოთ, ვნახოთ მათი მზადყოფნა და თქვენც, მეც, მთელი საქართველო, ვინც მიმართავს სილამაზის სალონებს, მეტად იყოს დაცული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მან თქვა, რომ მცირე ბიზნესის ამ სექტორთან ხშირი კონტაქტი აქვს და იცის, რომ სილამაზის სალონები პასუხისმგებლობით ემზადებიან საქმიანობის განახლებისთვის:

„რაღაც გარკვეული დრო უნდათ მათ, რომ თუნდაც ეს დაშორიშორება მოახერხონ შიგნით, შეიძინონ პირადი დაცვის საშუალებები. ალბათ მოკლე ხანი გავა და შევძლებთ სილამაზის სალონების სტუმრობას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით, ეკონომიკის გახსნა 27 აპრილიდან დაიწყო და 6 ეტაპად გრძელდება. პირველადი გეგმით, ეტაპებს შორის ინტერვალი საშუალოდ 2 კვირა უნდა ყოფილიყო, მაგრამ შეზღუდვების მოხსნის პროცესები უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება. ექვსპუნქტიანი გეგმით, სილამაზის სალონების და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების გახსნა მეოთხე ეტაპზე იგეგმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG