Accessibility links

სობიანინი: სავარაუდოდ, მოსკოვში ოფიციალურ მონაცემებზე სამჯერ უფრო მეტი ინფიცირებულია


მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი

რუსეთში უკანასკნელ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული ოფიციალური რიცხვი სარეკორდოდ მაღალია. ამავე დროს, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დედაქალაქში ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, სამჯერ აღემატება ოფიციალურ მონაცემებს.

7 მაისს რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში რეგისტრირებულია ინფიცირების 11231 ახალი შემთხვევა, რაც ერთი დღისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რუსეთში. მთლიანობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 177 ათასს გადააჭარბა. ეს უფრო მეტია, ვიდრე ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არიან გერმანია და საფრანგეთი, რომლებიც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრებად ითვლებოდნენ ევროპაში.

რუსეთში COVID-19-ით მთლიანობაში გარდაცვლილია 1625 ადამიანი.

როგორც სობიანინმა განაცხადა, მოსკოვში, რომელიც რუსეთში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია, სკრინინგი აჩვენებს, რომ დაავადებულია მოსკოველთა 2-2,5%. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქში შესაძლოა 300 ათასამდე ინფიცირებული იყოს. ამჟამინდელი ოფიციალური მონაცემებით კი, მათი რიცხვი 93 ათასია.

სობიანინის თქმით, მოსკოვში ინფიცირებულთა გამოვლენილი შემთხვევების რიცხვი იზრდება, ვინაიდან ხელისუფლებამ მკვეთრად გაზარდა ტესტირება და ვითარება შედარებით სტაბილიზებულია.

რუსეთი აცხადებს, რომ 4,8 მილიონი ტესტი ჩაატარა მთელ ქვეყანაში.

სიკვდილიანობის შედარებით დაბალმა მაჩვენებელმა გამოიწვია კრიტიკა, რომ ხელისუფლება შესაძლოა მალავდეს ფატალური შემთხვევების რეალურ სურათს. კრიტიკოსთა თქმით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ არასწორად ადგენენ გარდაცვალების მიზეზს. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს ამ ბრალდებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG