Accessibility links

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო გაამართლა საქმეში, რომელიც 2008 წელს გაზის გაჟონვით სიკვდილს ეხებოდა


ხუთშაბათს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა საქმეზე „ვარდოსანიძე საქართველოს წინააღმდეგ" (No. 43881/10), რომელიც ეხება მომჩივნის, საქართველოს მოქალაქე ლალი ვარდოსანიძის ვაჟის სიკვდილს ნახშირჟანგით მოწამვლის შედეგად. სასამართლომ განაჩენი საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოიტანა და ვერ დაადგინა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დარღვევა.

2008 წელს ვარდოსანიძის ვაჟი გარდაცვლილი იპოვეს თბილისის ბინაში. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სიკვდილის მიზეზი იყო ნახშირჟანგით მოწამვლა.

მანამდე დაახლოებით ათი თვით ადრე კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინსპექტორებმა მომჩივნის ვაჟის ბინაში ჩატარებული შემოწმების შედეგად დაადგინეს, რომ გაზის წყალგამაცხელებელი არასწორად იყო დამონტაჟებული, რის შემდეგაც, ოქმის თანახმად, „გათიშეს წყალგამაცხელებელი, დალუქეს გაზის მრიცხველი და ბინის მცხოვრებს ინსტრუქცია გააცნეს“.

შემთხვევასთან დაკავშირებით წარმოებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შედეგად ინციდენტს უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია მიენიჭა. სასამართლომ დაადგინა, რომ დაზარალებულმა არასწორად აამოქმედა წყალგამაცხელებელი, მიუხედავად ინსპექტორების გაფრთხილებისა.

2010 წელს ლალი ვარდოსანიძემ საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში შეიტანა საჩივარი.

ის საქართველოს სახელმწიფოს უჩიოდა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის ორი მუხლით („სიცოცხლის უფლება“ და „საქმის განხილვისთვის საჭირო საშუალებებით უზრუნველყოფა“).

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ორივე მუხლით გაამართლა საქართველოს სახელმწიფო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG