Accessibility links

ბალტიის ქვეყნების პრეზიდენტები: ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით გავლენის სფეროთა კონცეფციას


ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა - კერსტი კალიულაიდმა, ეგილს ლევიტსმა და გიტანას ნაუსედასმა - ხუთშაბათს გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით:

„ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტები, აღვნიშნავთ რა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებას, პატივს მივაგებთ ყველა მსხვერპლს და მოკავშირე ჯარისკაცებს, რომლებმაც დაამარცხეს ნაცისტური რეჟიმი 1945 წლის 8 მაისს და ამგვარად მრავალი ევროპული ქვეყანა გაათავისუფლეს ოკუპაციისგან და ბოლო მოუღეს ჰოლოკოსტის საშინელებას.

ომის დასრულების შემდეგ შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იმის აღიარების ნიშნად, რომ აუცილებელია წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი და მრავალმხრივი თანამშრომლობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და საერთო ღირებულებების დასაცავად. დასავლეთმა ევროპამ დაიწყო განხორციელება ერთიანი და თავისუფალი, მშვიდობაზე, დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე დამყარებული ევროპის ხედვისა. ევროპის საბჭო, ნატო და რომის ხელშეკრულება იყო ახალი ევროპის საძირკვლის ქვები.

მიუხედავად ამისა, მეორე მსოფლიო ომის დასრულება არ ნიშნავდა თავისუფლებას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის. ამის ნაცვლად ერთი ტოტალიტარული რეჟიმის ადგილი მეორემ დაიკავა, როცა ბალტიის ქვეყნები ძალადობრივად შეიყვანეს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.

ორმა დაუნდობელმა დიქტატორმა - ჰიტლერმა და სტალინმა - ევროპა საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის გავლენის სფეროებად დაყო მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო ოქმებით. საზღვრისა და მეგობრობის შესახებ საბჭოთა კავშირ-გერმანიის ხელშეკრულების საფუძველზე 1939 წლის 1 სექტემბერს მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ საბჭოთა კავშირმა დაიკავა და მიიერთა ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა.

კონტინენტის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილი კომუნისტური რეჟიმების მმართველობის ქვეშ რჩებოდა თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში. საბჭოთა კავშირი ჭარბ სამხედრო ძალას, რეპრესიებს, მასობრივ დეპორტაციებსა და ტოტალურ იდეოლოგიურ კონტროლს იყენებდა ბალტიის ქვეყნების დასამორჩილებლად.

საბჭოთა ოკუპაცია საბჭოთა კავშირის დაშლამდე გრძელდებოდა. ჩვენი მოქალაქეების მშვიდობიანი და მიზანსწრაფული ძალისხმევით ჩვენს ტერიტორიებზე და მთელს მსოფლიოში. ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის დამოუკიდებლობა აღდგა 1990-1991 წლებში. რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთის არმია გავიდა ჩვენი სახელმწიფოებიდან.

ჩვენ პატივს მივაგებთ იმ 60-ზე მეტ დასავლურ ქვეყანას, რომლებმაც დე იურე არ აღიარეს ჩვენი სახელმწიფოებისოკუპაცია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უელესის დეკლარაციით 1940 წლის 23 ივლისს დაიწყო არაღიარების პოლიტიკა.

დღეს ჩვენი ქვეყნები ევროკავშირისა და ნატოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. თუმცა ტრაგიკული წარსულის დავიწყება შეუძლებელია. ჩვენ ხაზს ვუსვამთ სიმართლისა და სამართლიანობის მნიშვნელობას. ისტორიული მოვლენების მცდარად წარმოჩენა, რამაც მიგვიყვანა მეორე მსოფლიო ომამდე და ომის შემდეგ ევროპის დანაწევრებამდე, დასანანი მცდელობა იყო ისტორიის გაყალბებისა და ის ეჭვქვეშ აყენებს წესებზე დამყარებულ თანამედროვე საერთაშორისო წესრიგს.

ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით გავლენის სფეროთა კონცეფციას და მხარს ვუჭერთ ყველა ქვეყნის თანასწორობას. საერთაშორისო უსაფრთხოების იმპერატივი მოითხოვს საერთაშორისო სამართლისა და შეთანხმებული ნორმების განუხრელ დაცვას, ასევე ყველა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის უპირობო პატივისცემას და პატივისცემას მათი უფლებისა, თავად აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ზომები და შევიდნენ კავშირებსა და ალიანსებში. ჩვენ ვიმეორებთ, რომ ნატო რჩება ჩვენი ქვეყნების კოლექტიური თავდაცვის საფუძვლად და ტრანსატლანტიკურ კავშირს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ევროპის მომავალი უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.

ჩვენ გვწამს, რომ დასავლური დემოკრატიული ღირებულებები და ერთიანობა უზრუნველყოფს ბალტიის სახელმწიფოებისა და ევროპის ყოველი ქვეყნის მომავალს.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG