Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკლ ფლინს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ბრალდებები მოუხსნა


მაიკლ ფლინი
მაიკლ ფლინი

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო სისხლის სამართლის ბრალდებებს ხსნის ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს, მაიკლ ფლინს.

ფლინი ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც ბრალი წაუყენეს დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის გუნდსა და რუსეთს შორის შესაძლო გარიგების თაობაზე გამართული გამოძიების ფარგლებში.

სასამართლოს დოკუმენტებში, რომლებიც 7 მაისს იქნა წარდგენილი, იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ფლინის წინააღმდეგ საქმეს წყვეტს „ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტისა და გარემოების შესწავლის შემდეგ“, იტყობინება Associated Press-ი.

ფლინი ერთ-ერთი პირველი იყო, ვის წინააღმდეგაც აშშ-ში გამოძიება ჩატარდა ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის გუნდსა და რუსეთს შორის შესაძლო გარიგების თაობაზე. 2017 წლის თებერვალში ტრამპმა ფლინი გაათავისუფლა ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე მხოლოდ 24 დღე მუშაობის შემდეგ, მას მერე, რაც გამოვლინდა, რომ ფლინმა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან საუბარში იცრუა აშშ-ში რუსეთის ელჩთან ურთიერთობების თაობაზე.

2017 წლის დეკემბერში ფლინმა თავი დამნაშავედ ცნო რუსეთის ელჩთან საუბრების შესახებ FBI-ისთვის ტყუილის თქმისთვის.

პრეზიდენტი ტრამპი მიესალმა 7 მაისს იუსტიციის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ფლინი „უდანაშაულო ადამიანია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG